კიბერ ექსპერტები CNBC-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ 2024 წელს დაგეგმილ არჩევნებში, საერთაშორისო დონეზე მოსალოდნელია კიბერშეტევები და დეზინფორმაციული კამპანიები, რომელთა მთავარ საკვანძო რისკსაც ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს.
მაგალითად, ერთ-ერთი დიდი საფრთხის წინაშე დიდი ბრიტანეთი დგას, სადაც ადგილობრივი არჩევნები 2 მაისს იმართება, ხოლო საყოველთაო არჩევნები მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, თუმცა პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს ჯერ არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და გაერთიანებული სამეფოს Brexit-ის კენჭისყრა ქაოსმა მოიცვა. სოციალური მედიის პლატფორმებზე დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას სათავეში რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფები ედგა. ასეთი შემთხვევები არც მიმდინარე წლის არჩევნებზე არაა გამორიცხული.
გასულ კვირას, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი, სახელად APT 31 ცდილობდა გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე წვდომი მოპოვებას, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მცდელობები წარუმატებელი იყო და ლონდონმა შესაბამისი ზომები მალევე მიიღო. ჩინეთმა თავისთავად უარყო ეს ბრალდებები.
თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციებიდან და ინოვაციებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს, კიბერ ექსპერტების აზრით, ხელოვნური ინტელექტი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ნებისმიერ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდად გამართვის პროცესს.
მთავარ საფრთხეს კი ე.წ. Deep Fake-ები წარმოადგენს, რომელიც კომპიუტერული გრაფიკის, სიმულაციისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი ყალბი აუდიო, ფოტო და ვიდეო მასალაა. პრაქტიკულად, თანამედროვე სამყაროში არაკეთილგანწყობილ პირებს შეუძლიათ ნებისმიერი რამ გააყალბონ. შექმნან ისეთი ვიდეოები, ფოტოები და აუდიო კონტენტი, სადაც პოლიტიკოსებს, ცნობილ ადამიანებს და საზოგადო მოღვაწეებს ის ათქმევინონ და გააკეთებინონ, რაც მოესურვებათ.
კიბერუსაფრთხოების საზოგადოება საერთაშორისო დონეზე ითხოვს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული დეზინფორმაციული კამპანიის ფართო მასებზე გასვლა.
კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-ის წარმომადგენელმა, ადამ მეიერსმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი დეზინფორმაციული კამპანიები 2024 წლის არჩევნებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი, ირანი და რუსეთი აუცილებლად განახორციელებენ დეზინფორმაციულ დარტყმებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებზე.