რაში გვჭირდება 2 საერთაშორისო აეროპორტი 15 კმ-ში - ასე ეხმაურება ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.
ზაუტაშვილის თქმით, მისასალმებელია ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რადგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, დღეის მდგომარეობით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა უმჯობესი იყო მომხდარიყო დედაქალაქის აეროპორტის მოდერნიზება, ვიდრე ავაშენოთ 15 კმ-ში ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რაც გაცილებით დიდი თანხა დაგვიჯდება.
„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ვინაიდან ტრანზიტული ქვეყნის აეროპორტს არ გააჩნია ტრანს-ველი მგზავრებისთვის. ითქვა, რომ განვიხილეთ და 17 მლნ მგზავრზე მეტს ვერ მიიღებს ეს აეროპორტიო, მაგრამ შესაძლებელია, მოხდეს ამ აეროპორტის მოდერნიზება, ბილიკის დამატება და ინფრასტრუქტურით აღჭურვა. ხოლო ის სამხედრო ბაზა, რომელიც ვაზიანშია, გარკვეულ პერიოდში შეეძლოთ იგივე დანიშნულებით განეახლებინათ, რაც აქამდე გააჩნდა, იმიტომ, რომ იქ საწვრთნელი სამუშაოები მიმდინარეობდა, იგივე საჰაერო კუთხით დანიშნულება გააჩნია. ვაზიანის აეროპორტი სულ რაღაც 15 კილომეტრშია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისგან. მსოფლიოს უდიდეს ქალაქებშიც კი იშვიათია ორი აეროპორტი ამ მანძილის დაშორებით“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.
ზაუტაშვილს აქვს ეჭვი, რომ მთავრობამ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლოა, „ტავ ურბანისთვის“ ხელშეკრულების ხელოვნურად გაგრძელებისთვის გამოიყენოს. ცნობისთვის, აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წელს იწურება.
„მებადება ლოგიკური ეჭვი, რომ „ტავ ურბანის“ ხელშეკრულების ვადა, რომელიც იწურება 2027 წელს, გენგეგმის დადების შემდეგ, ხელოვნურად გაგრძელდება. სახელმწიფოს გამგეობის და პატრონაჟის ქვეშ უნდა იყოს ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტი, შეიძლება უცხოური კომპანია მოიწვიო მეტი გამოცდილების გამო, მაგრამ ასაფრენი ბილიკი, აეროდრომი, აეროპორტი უნდა იყოს სახელმწიფოს გამგეობის ქვეშ“, - აღნიშნავს ის.
კიდევ ერთი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ განახორციელებს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ინვესტირებას. ზაუტაშვილის თქმით, თუ პროექტში ჩინური კომპანიები შემოვლენ, ეს იქნება წაგებული ნაბიჯი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო ჰაბის ფუნქციას დაკარგავს.
„უნდა დავსვათ შეკითხვები: რატომ ვხარჯავთ მეტ ფულს ახალი აეროპორტისთვის, როცა შეიძლებოდა ნაკლები ხარჯით არსებულის მოდერნიზება. მეორე, რაში გვჭირდება ორი საერთაშორისო აეროპორტი 15 კმ-ის რადიუსით, მესამე, ბოლო-ბოლო ვემშვიდობებით თუ არა 2027 წელს „ტავ ურბანს“, თუ ისევ ვუგრძელებთ კაბალურ ხელშეკრულებას და მეოთხე, ვინ იქნება ამ პროექტის მთავარი ინვესტორი. თუ ამ პროექტით დაინტერესდა აზიის განვითარების ბანკი, რომელიც პირდაპირ არის კავშირში ჩინეთის ინვესტიციებთან და თუ ჩინური ინვესტიცია განხორციელდება, მაშინ ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ერთ-ერთი წაგებული პროექტი იქნება დასავლური ინვესტიციების კუთხით, იმიტომ რომ ჩინური ინვესტიციებით განხორციელებული პროექტი ნიშნავს იმას, რომ ჰაბის ფუნქცია დაკარგული გვაქვს. ანონსი კარგია, კარგია რომ 1.260 მილიარდიან ინვესტიციის მეგაპროექტს აანონსებენ, მაგრამ 15 კმ-ის რადიუსში 2 აეროპორტი არის ნონსენსი და ამაზე პასუხი უნდა გაგვცენ“, - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.