თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიებზე უძრავ ქონებისა და მიწის ნაკვეთების მიმართ ინტერესს გაზრდის. ამის შესახებ უძრავი ქონების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, სამართლებრივი რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრა. მისი თქმით, როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის პროექტები, ინვესტორების მხრიდან დაინტერესებას, შედეგად კი უძრავი ქონების ფასის მატებას იწვევს.
ამასთან, ვაჟა მებაღიშვილი განმარტავს, რომ როგორც კი აეროპორტის მოწყობის პროცესი აქტიურ ფაზაში შევა, მიმდებარედ უძრავი ქონების ფასზე ეს მყისიერად აისახება.
„ზოგადად, როდესაც გარკვეულ უბნებზე ინფრასტრუქტურა ვითარდება, მიმდებარე ტერიტორიებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, თუ იქ განვითარდება ინფრასტრუქტურა ისე, რომ დააკმაყოფილოს ადამიანების საჭიროებები და სურვილები, ცხადია, ფასიც გაიზრდება.
რაც შეეხება ვადებს, როდიდან აისახება ეს ბაზარზე, როდესაც მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაში შევა და დაინტერესებული პირი დაინახავს, რომ საფუძველი რეალურად ჩაეყარა, გრძელვადიანი პერსპექტივის ნაწილში დაინტერესდება, რომ იყიდოს უძრავი ქონება, ან მიწა. ეს უფრო დამოკიდებულია ინვესტორის გრძელვადიან ხედვებზე. გააჩნია, მშენებლობა რა ტემპებით განხორციელდება. თავისთავად ეს პერსპექტიული, საინტერესო პროექტია და თუ მგზავრთა ნაკადიც გაიზრდება, ამ ტერიტორიაზე ფასები მოიმატებს. გაჩნდება ინტერესი და ამ ტერიტორიებზე დაიწყება ისეთი მშენებლობები, რომელზეც შეიძლება მანამდე არც ფიქრობდნენ“,- ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი აეროპორტი სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. მისივე ინფორმაციით, პროექტირება და ტენდერის პროცედურები მომავალ წელს დასრულდება.
რაც შეეხება დასრულების თარიღს, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენა 2028 წელს შესრულდება.