საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. შეთანხმება შეეხება იმ მოქალაქეთა მიმოსვლას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს.
როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2024 წლის 2 აპრილიდან შევიდა.
„თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ და დატოვონ მასპინძელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, რომელიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისთვის,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, „საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება 2023 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალაში ამ თვიდან შევიდა.