საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ საუბრისას.
მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო თანმიმდევრულად მიუყვება იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც შეიქმნა და რომელთან მიმართებაშიც ქვეყანა მუშაობს ევროკომისიასთან.
„ჩვენ ვისაუბრებთ ერთი მხრივ უკვე გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე და მეორე მხრივ, ვისაუბრებთ იმ სამოქმედო გეგმის შემდგომ შესრულებაზე, რომელიც რა თქმა უნდა, ითვალისწინებს რეფორმების დღის წესრიგის შემდგომ იმპლემენტაციას," - აღნიშნა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრა.
მისი თქმით, კანონი არანაირი ფორმით არ უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს არ უნდა იქცეს განხილვის საგნად.
" გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფიზიკურად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ქვაკუთხედს" - განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც შეთანხმებულია რეკომენდაციების შესაბამისად, და რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს.
„ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ნაკისრ ვალდებულებას. საქართველო აუცილებლად გადავა შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ეს არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა" , - დასძინა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალეობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად, გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალეობასთან.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, „რათა მათ მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს კანონი". როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, კანონის მთავარი აქცენტი და გზავნილი არის ის, რომ „ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველ ხალხის წინაშე."