რუსთავის ავტო-ბაზრობის მიმართ, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, 200-ზე მეტი ავტოიმპორტიორი ჩივის, რომ ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე (რუსთავის ავტო-ბაზრობა) არასამართლიანად მაღალ ფასს ადგენს.
ანგარიშის მიხედვით, საქმეზე - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მოკვლევა გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
„ი/მ ვახტანგ მჟავანაძის და ნიკოლოზ ჯანჯალაშვილის საჩივრის საფუძველზე, რომელსაც თან ერთოდა ორასზე მეტი ავტო-იმპორტიორის ხელმოწერა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,რუსთავის ავტო-ბაზრობის“ მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
მომჩივანი მხარეების მითითებით, კანონდარღვევა გამოიხატება - ქ. რუსთავის ავტო-ბაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენაში“,- ნათქვამია დოკუმენტში.