„არცერთ კომპანიას არ აწყობს კატასტროფულად დიდი ფასები, იმიტომ, რომ უფრო მცირე რაოდენობით იყიდება“,-ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ განაცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა სრულად დამოკიდებულია იმპორტირებულ საწვავზე, საერთაშორისო ფასების ცვლილება, ადგილობრივ ბაზარზეც შესაბამისად ისახება.
თუმცა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯერჯერობით ბაზარზე სტაბილურობაა და ადგილობრივი ფასები მცირედით არის გაზრდილი.
„როდესაც ჩვენ არ ვაწარმოებთ, მთლიანად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო ბაზრებზე, მე თავიდანვე ვამბობდი და ვაანონსებდი, რომ მოიმატებს საერთაშორისო ბაზრებზე ფასი?- იქნება ცვლილება ჩვენს შიგა ბაზარზეც. თუმცა, ჯერჯერობით, მივდივართ ასეთი ბიჯებით, 2-4-5 თეთრი... რომ გადახედოთ კომპანიებს, მხედველობაში მაქვს ბრენდირებული, დიდი კომპანიები. თუ მოიმატა იქ (საერთაშორისო ბაზარზე), მოიმატებს ჩვენთანაც, სიცრუე საჭირო არ არის, მაგრამ ჯერჯერობით არ მოიმატებს, სტაბილურობაა ბაზარზე, დიდი კონკურენციიდან გამომდინარე. ჯერ გვაქვს ნორმალური სიტუაცია. ჩვენ მიჩვეული ვართ, როდესაც ყველაზე მწვავე კრიზისი იყო, 5 ლარამდე იყო ასული და ღმერთმა დაგვიფაროს. მინდა გითხრათ, რომ არცერთ კომპანიას არ აწყობს კატასტროფულად დიდი ფასები, იმიტომ რომ უფრო მცირე რაოდენობით იყიდება“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.