ქართველი ავტოდილერები უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მსხვილი ადგილობრივი კომპანიები, აუქციონის ე.წ. კოდებს უცხოელებზე გასცემენ, რითიც მათ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ქართველი ავტოდილერებისა და იმპორტიორების გვერდის ავლით ჩამოიყვანონ ავტომობილები, თავად გაიყვანონ ქვეყნიდან, ან რუსთავის ავტობაზარზე თავად გაყიდონ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული ავტოიმპორტიორი კომპანია Auto Market Logistic-ის დამფუძნებელი, დავით ბარამიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სააუქციონე კოდების გაცემა უდიდეს ზიანს აყენებს ქართველ დილერებს და ეს მხოლოდ დილერების ზარალით არ შემოიფარგლება. კოდებს კი ძირითადად ორი მსხვილი ქართული ავტოიმპორტიორი კომპანია გასცემს, რომლებიც ბაზარზე მონოპოლიას ამყარებენ, გაცემული კოდებიდან მოგებას კი გაზრდილი ტრანსპორტირების ტარიფიდან ნახულობენ.
„საქართველოში არსებობს ორი მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანია, რომლებსაც მონოპოლია აქვთ ბაზარზე და აძლევენ კოდებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ის უცხოელი მყიდველები, რომლებიც ქართველ დილერებთნ მოდიოდნენ მანქანის საყიდლად, ახლა თავად ჩამოჰყავთ, ავტომობილები, მერე ან თავად გაჰყავთ, ან აქვე აყენებენ რუსთავის ავტობაზრობაზე და ყიდიან ისევ თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე. ასეთ დროს, ქართველთან აღარავინ მიდის“, - ამბობს დავით ბარამიძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
ამის გარდა, ავტოიმპორტიორი კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საფრთხე ემუქრებათ არამხოლოდ ავტოდილერებს და სხვა ავტოიმპორტიორებს, არამედ ხელოსნებს, ტერმინალის მეპატრონეებს და ლოჯისტიკურ კომპანიებს, ვინაიდან უცხოელები, თუნდაც ყაზახები უკვე აქტიურად ხსნიან საქართველოში თავიანთ სახელოსნოებს და ყიდულობენ მიწებს ახალი ტერმინალებისთვის.
„ყაზახები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად ახდენდნენ საქართველოდან მანქანების რეექსპორტს, უკვე სახელოსნოებსაც ხსნიან. თავიანთი სერვისცენტრები აქვთ, დაზიანებულ მანქანებს აკეთებენ და გაყავთ, ან აქვე ყიდიან. ქართველი აღარ სჭირდებათ. მაქვს ინფორმაცია, რომ პორტთან ახლოს აწყობენ დიდ პროექტს. მიწა უკვე ნაყიდი აქვთ და თავიანთ ტერმინალს აკეთებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამომუშავება შემცირდება არა მხოლოდ ავტოიმპორტის სფეროში, არამედ ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით“, - აღნიშნავს დავით ბარამიძე.
რესპონდენტი ამ შემთხვევაში გამოსავალს რეგულაციების შემოღებაში ხედავს, რომელიც უცხოელ მოქალაქეებზე გავრცელდება და მხოლოდ მცირედით შეზღუდავს მათ საქმიანობას, რათა საქართველოს მოქალაქეებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მაინც უწევდეთ მუშაობა. ამის გარდა, მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ავტოდილერებმა გაწყვიტონ თანამშრომლობა იმ კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად გასცემენ კოდებს ყაზახებსა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.