საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო. აღნიშნულ პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა.
როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ძირითადი პრობლემა მათთვის ტერიტორიის არქონაა და ეს პრობლემა ჯერ ისევ ვერ მოაგვარეს, რადგან ტურიზმის დეპარტამენტისგან ან ეკონომიკის სამინისტროსგან შესამაბისი რეაგირება, მათი ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ აქვთ.
დავით ნიკოლეიშვილის თქმით, სამი ლოკაცია აქვს შერჩეული, რომელმაც უკვე უძლიერეს შტორმსაც კი გაუძლო, მაგრამ ფსკერზე ბევრი ბოთლის ჩატანას ვერ რისკავს, რადგან ზარალის ალბათობა დიდია.
„ერთ-ერთმა კომპანიამ 5 000 ბოთლის დაძველება მთხოვა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ როდესაც ტერიტორია არ მაქვს და შესაბამისად, შემოსაზღვრულიც არ მაქვს ადგილი, ვერ გავრისკავ, რადგან ზარალის რისკი მაღალია“, - განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.
„ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობთ ამ პროექტზე, ბოლო დროს „ხარება“ ჩაერთო, 140 ბოთლი გამომიყო დასაძველებლად. ასევე რუმინეთის საზღვაო ინსტიტუტმა შემომთავაზა მათთან გადასვლა ან ფრანშიზის მიყიდვა, რაც მე არ შემიძლია, რადგან ეს კიდევ სხვა წესებს მოითხოვს, ბიზნესი უნდა მქონდეს, გაყიდვები უნდა მქონდეს აქტიურად, რაც ჯერ მე არ მაქვს.
რამდენიმე ბოთლი გავგზავნე რუსეთში, ყაზახეთში, ბრიტანეთში, საიდანაც დიდი დაინტერესება წამოვიდა, მაგრამ მე ამდენი ღვინო არ მაქვს, ჩემი ღვინო არ მაქვს, უნდა ავიღო კერძო მწარმოებლებისგან, ამასთან, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ღვინო კარგია, რადგან ყველანაირს იქ ვერ ჩავდებ“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
რაც შეეხება ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინის ფასს, პროექტის ავტორის თქმით, 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია, თუმცა ამ ეტაპზე გაყიდვების მხრივ დიდი შედეგები ჯერ არ აქვთ. დავით ნიკოლეიშვილის თქმით, აუქციონზე 1-ლიტრიანი „რქაწითელი“ 500 ლარადაც გაუყიდია. ინტერესს ძირითადად უცხოელები გამოხატავენ.
„ხარებას“ ღვინოები, რომლებიც ჯერ ისევ ფსკერზეა და 1-წლიანი დაძველება ზაფხულში შეუსრულდებათ, დიდი ალბათობით, მათსავე მარნებსა და მაღაზიებში გაიყიდება“ - აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.