79-სართულიანი შენობა, 5500 ავტოსადგომი - როგორი იქნება კომპლექსი, რომლის მშენებლობაც იპოდრომთან იგეგმება (+ფოტო)

იპოდრომის ცენტრალური პარკის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადი დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებში რამდენიმე დღის წინ შევიდა.

უფრო კონკრეტულად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საბურთალოს რაიონში, მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე. საპროექტო არეალს ჩრდილოეთით ესაზღვრება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღმოსავლეთით - იპოდრომის ცენტრალური პარკი, ხოლო დასავლეთით - თამარაშვილის ქუჩა და დაგეგმილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „სითიზენი“.

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებით პრინციპი ემყარება კომპაქტური ქალაქის შექმნას. ცენტრალური პარკის გვერდით ასეთი ტიპის მიზიდულობის წერტილის გაჩენა ხელს უწყობს როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესების თანაბარ ხელშეწყობას, ე.წ. Public Goods და Private Goods პროპორციულ განვითარებას.

საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები. საუბარია, 2 შენობაზე, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 25 სართულია. ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით. ჯამში, საუბარია 5 შენობაზე, რომელთა მაქსიმალური სიმაღლეც 79 სართულია.

1-1713256804.png

პროექტით გათვალისწინებულია ხიდის მშენებლობა, რომლის მეშვეობითაც ორი შენობა უკავშირდება ერთმანეთს და ქმნის ერთიან კომპოზიციას.

ვინაიდან საპროექტო არეალი უშუალოდ ესაზღვრება ავტობუსის ზოლს და ამასთან, 600 მეტრის რადიუსში ვხვდებით „დელისის“ მეტროსადგურს, პრიორიტეტად განისაზღვრა ფეხმავალთა კომფორტული გადაადგილება. თუმცა, შენობის კონცეფცია მორგებულია, როგორც ფეხმავლის, ისე ავტომობილის კომფორტულ გადაადგილებაზე. დაგეგმილია კანონით მოთხოვნილი პარკირების რაოდენობაზე ორჯერ მეტი - 5 500 ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელს, ისე მოსულ სტუმარს,“- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პროექტის განხორციელებას შპს "ცენტრალ პარკ ავენიუ" გეგმავს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „იდეა“. თავის მხრივ კი, ეს უკანასკნელი ვასილ, ლევან და სოსო ფხაკაძის საკუთრებაშია.

2-1713256820.png

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც ამ პროექტის განხორციელება იგეგმება, 2023 წლის აგვისტოში საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტმა", თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ "ქართუ ფონდი" დარეგისტრირდა. გარიგების გაუქმებიდან ორ კვირაში ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა და ტერიტორია კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუს" საკუთრებაში გადავიდა.

3-1713256836.png

4-1713256881.png

თაია არდოტელი