ოფშორებიდან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტში დეპუტატების ჯგუფმა დაარეგისტრირა.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:
ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე“, - აღნიშნულია ცვლილების პროექტში.
ამავე წინადადების მიხედვით, აღნიშნული ნაწილი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი);
მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის.
ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემისმომენტისთვის.“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ცვლილებების ავტორების აზრით, კანონპროექტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.
იხილეთ ასევე: