პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებები ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერის გარდა, ოფშორებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანა გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ამასთანავე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.
დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვამ არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რას უკავშირდება ცვლილება, ვის შეეხება და რა შედეგი ექნება ამას საქართველოს ეკონომიკისთვის. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს სანქციების მოლოდინს. ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ესაუბრა იურისტ ლევან ალაფიშვილს.
ვის შეეხება ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული ცვლილება?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2021 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანია იყო რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია იყო.
ლევან ალაფიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებული ცვლილება „ერთი კაცის ინტერესს“ არის მორგებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არაერთი ადამიანია ისეთი, ვისაც ოფშორებში დიდი რაოდენობით აქტივები აქვთ. აქედან გამომდინარე, ცვლილება შეეხება ყველას, ვისაც ოფშორულ კომპანიებში აქტივები აქვს.
„საქართველოში არის არაერთი ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა ოფშორში ძალიან დიდი აქტივები აქვს გადამალული. ასე რომ, ყველა ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ სურვილი ექნება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ეკონომიკური სარგებელი თუ საბიუჯეტო დანაკარგი
ალაფიშვილი ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილება სარგებელს მოუტანს იმ კომპანიებს, რომლებიც ოფშორებიდან ქონებას საქართველოში გადმოიტანენ და აღნიშნულის გადასახადს არ გადაიხდიან. თუმცა ეს გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების კარგვას და ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი ვერ ექნება.
„ფიზიკური პირისთვის, რომელიც დღეს ოფშორში ფლობს ბიზნესს და გადმოიტანს, საგადასახადო შეღავათი იქნება ის სარგებელი, რომელსაც მიიღებს ეს ფიზიკური პირი, ბიუჯეტი და გადასახადის გადამხდელები ვერ მივიღებთ მოგების, ქონების გადასახადებს, საშემოსავლოს თუ სხვას. საბიუჯეტო დანაკარგიც იქნება, ბუნებრივია, დღეს თუ გადასახადს ექვემდებარება და ათავისუფლებ, იმ გადასახადის ოდენობით ვერ შეივსება ბიუჯეტი“, - აღნიშნავს ალაფიშვილი.
არის თუ არა დაგეგმილი ცვლილება სანქციებისგან თავის არიდების გზა?
საქართველო ჩართულია საერთაშორისო საფინანსო თუ საბანკო სისტემებში, ოფშორებიდან ქონების გადმოტანა ან გადამალვის მცდელობა სანქციებისგან თავის არიდების საშუალება ვერ იქნება, - ამბობს ალაფიშვილი. მანვე დასძინა, რომ ოფშორებში არსებული აქტივების სანქციებისგან გადარჩენა დაგეგმილი ცვლილებებით ვერ განხორციელდება.
„თუკი ვინმე ფიქრობს, ოფშორში არსებული აქტივების გადარჩენას სანქციებისგან, ამით კანონპროექტით მიზანი ვერ მიიღწევა. არსებობს სახელმწიფო ხაზინაზე ჩამოკიდებული მთელი გლობალური საფინანსო სისტემაზე. რუსეთმაც კი ვერ შეძლო სანქციების გვერდის ავლა, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ მას და მის ბიზნეს სუბიექტებს დაუწესდა“, - აღნიშნა ალაფიშვილმა.
რას ამბობენ „საგადასახადო კოდექსის“ ცვლილების ავტორები?
ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი პაატა კვიჟინაძეა. დეპუტატმა გუშინ პარლამენტში განაცხადა, რომ დასავლეთში გამკაცრებულია ოფშორებთან დაკავშირებული მონიტორინგი და გადასახადები და ბიზნესები ცდილობენ გადავიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.
„ოფშორული კომპანიების უმეტესობა არის დასავლური ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ, მაგრამ, რადგან იქ გამკაცრებულია მონიტორინგი და გადასახადები, ბევრს უნდა, რომ დაუბრუნდეს სხვა ქვეყანას და ტაციაობაა, ვინ წაიღებს ამ კაპიტალს“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
ალაფიშვილის თქმით, ავტორები პირდაპირ ამბობენ, რომ დასავლეთში მეტად გამჭვირვალე გახდა ოფშორული კომპანიების ოპერირება და სწორედ ამის გამო, საქართველოში აქტივების გადმოტანა გადასახადებისგან უნდა გაათავისუფლონ. ალაფიშვილის აზრით, აბსურდია, როდესაც ცვლილების განხილვამდე პარლამენტმა კენჭი უყარა ე.წ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით დაამტკიცა, 15 წუთის შემდეგ, ასევე პირველი მოსმენით მიიღო ცვლილება, რომელიც გამჭვირვალობასთან თანხვედრაში არ არის.
„მომხსენებელმა თქვა ოფშორებში გართულდა ოპერირება, გამჭვირვალობის მეტი მოთხოვნები გაჩნდა და საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები გართულდაო და საქართველოში გადმოგვაქვსო და ამ დროს პარლამენტი 10-15 წუთით ადრე განიხილავდა და კენჭი უყარა თვითონ როგორც ეძახიან „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს“, - განმარტა ალაფიშვილმა.
იურისტი აღნიშნავს, რომ „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები აჩენს ეჭვს, რომ ლობირებულია კონკრეტული პირების მიერ. საქართველოს აქვს ლობიზმის შესახებ კანონი და შესაბამისად, პირი რომელიც ოფშორებიდან საქართველოში ქონების გადმოტანის შესაბამის ცვლილებას ლობირებს, პარლამენტში რეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ლობისტი, თუმცა დღეის მდგომარეობით, არც ერთი პირი არ ფიქსირდება.
დაბოლოს, როგორც ალაფიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი ამ ინიციატივაში ნაკლები შეიძლება იყოს - სახელმწიფო ბიუჯეტი არ შეივსება და ეკონომიკაში ზრდისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ლეგიტიმური მიზანი.
შეგახსენებთ, „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა, ძალაში შესვლამდე 2 მოსმენა კიდევ წინ არის. საკანონმდებლო ორგანოში განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: ოფშორებიდან საქართველოში ქონების გადმოტანა შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს - ვის შეეხება ცვლილება