საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მმართველ დირექტორს დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულებით, პეტერ ბრაუმულერს თბილისში უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას, დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ თემაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება. დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„თავის მხრივ, პეტერ ბრაუმულერმა, სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარა ევროკავშირში არსებული სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა გადახდისუნარიანობა ორის სარეგულაციო ჩარჩოსთან დაკავშირებით; ინფორმაცია სადაზღვევო სექტორში კლიმატის რისკებისა და მდგრადობის შესახებ და დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული ტენდენციები და გამოწვევები. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და შესაძლო პერსპექტივებზე აღნიშნული მიმართულებით.
ზემოაღნიშნული შეხვედრისას გაზიარებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება სამსახურს შემდგომი განვითარების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გათვალისწინებით“, - ნათქვამია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.