წითელ ზღვაში საკონტეინერო გემების ტრანზიტი განახევრდა, LNG-ის გადაზიდვები კი შეჩერდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წითელი ზღვის გავლით საკონტეინერო გემების ტრანზიტი განახევრდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდავი გემების ტრანზიტი საერთოდ შეჩერდა. ინფორაციას Anadolu ავრცელებს.

ექსპერტების შეფასებით, რეგიონში დაძაბულობამ კონტეინერების ბაზრის პროგნოზები მთლიანად შეცვალა და ტრანზიტის გახანგრძლივებული ვადები საზღვაო ვაჭრობას მნიშვნელოვან რისკს უქმნის. გადაზიდვის ინდუსტრიას კვლავ ამძიმებს რეგიონული დაძაბულობა, რომელიც გასული წლის ბოლოს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანის მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ისრაელთან დაკავშირებულ კომერციულ გემებზე იერიში მიიტანეს. შედეგად გადამზიდავმა კომპანიებმა ცურვა შეაჩერეს ან მარშრუტები აფრიკის სამხრეთით მდებარე “კეთილი იმედის კონცხამდე” გადაიტანეს, რამაც წითელი ზღვაში საზღვაო ტრანსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

კომპანია MarineTraffic-ის მონაცემებით, რომელიც წითელ ზღვაში გემების მონიტორინგსა და საზღვაო ვითერების ანალიზს ეწევა, წითელ ზღვაში საკონტეინერო გემების ტრანზიტი გასული წლის პირველ კვარტალში 55,6%-ით, 3,464-მდე, ხოლო LNG-გემების ტრანზიტი 84,3%-ით შემცირდა და ვაჭრობა საერთოდ შეჩერდა. ამასთან, მშრალი ტვირთის ტრანზიტი 20.8%-ით, სველი ტვირთის 21.6%-ით, საავტომობილო 46%-ით, ხოლო შერეული მშრალი ტვირთის ტრანზიტი 11.8%-ით შემცირდა.

წითელ ზღვაში მზარდმა დაძაბულობამ და სამხრეთ აფრიკის კონცხისკენ მარშრუტის გადატანამ სავაჭრო გზა დააგრძელა, რამაც ტვირთის გადატანის ღირებულება (ფრახტი) გააძვირა.

ბალტიისპირეთისა და საერთაშორისო საზღვაო საბჭოს Baltic Dry Index-ის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთი-ევროპის ხაზზე ფრახტი 39%-ით, ხოლო ჩინეთი-ხმელთაშუა ზღვის ხაზზე 30%-ით გაძვირდა. ამასთან, ჩინეთი-აშშ-აღმოსავლეთ სანაპიროს მარშრუტზე ფრახტი 1%-ით შემცირდა.

იმავე საბჭოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით, სუეცის არხზე საშუალო ყოველკვირეული ტრანზიტი ტონებში 38%-ით, ხოლო მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51%-ით ნაკლები იყო. სუეცის არხის გავლით მშრალი ტვირთის ტრანზიტი მარტში 39%-ით, სურსათის გადამტანი ტანკერების ტრანზიტი 48%-ით, ხოლო კონტეინერმზიდი გემების ტრანზიტი 85%-ით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ