„სუბსიდირება არ არის გამაჯანსაღებელი ბიზნესისთვის“, - ასე ეხმაურება შიდა ფრენების სუბსიდირებას „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა.
როგორც მან აღნიშნა, ავიასექტორი საქართველოში უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი, რადგან მხოლოდ სუბსიდიებით განვითარების მიღწევა შეუძლებელია.
„სუბსიდირებით არც ერთ კომპანიას არ ეყოფა თანხა, რომ ყოველთვის მოხდეს ხარჯების დაფარვა. ერთადერთი შეიძლება გავამართლო სუბსიდირება რეგიონებისთვის, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: მესტია, ამბროლაური, სვანეთის და სხვები, სადაც ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება რთულია“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.
როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე შიდა ფრენებისთვის საკმარისი რაოდენობის მგზავრი არ არის ბაზარზე. საჭიროა განვითარდეს თბილისი და მას მიებას შემდეგ რეგიონები.
კოდუას აზრით, მაგალითისთვის, შეიძლება დაინიშნოს ნიუ-იორკი - ამბროლაურის, ან ნიუ-იორკი - მესტიის მიმართულებით ფრენები, საიდანაც იმ რაოდენობის თანხა შემოვა, რომ შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეღავათიან ფასად შეთავაზება.
„თბილისი უნდა იყოს კავკასიის დედაქალაქი, უნდა გავაძლიეროთ და მივაბათ რეგიონული რეისები. აღარ იქნება სუბსიდირება საჭირო შემდეგ იმიტომ, რომ ძლიერი იქნებოდა ავიაკომპანია. ქვეყნის შიგნით არ არის საკმარისი მგზავრი, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თანხები გადაყრილია და არასწორად არის მიმართული. უფრო კარგი იქნება, რომ ბიზნესს მივენდოთ და ჯანსაღი ბიზნეს მოდელი ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა კოდუამ.
ამასთან, HUB Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მაგალითისთვის, 5 მაღალმხარჯველი ამერიკელი ბიზნესმენის მგზავრობა ნიუ-იორკი მესტიის მიმართულებით, ისე დააბალანსებდა ხარჯებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მესტიაში შიდა ფრენა 50 ლარიც კი შეიძლება ყოფილიყო.
„ამერიკის ბაზარზე შევისწავლე, რომ საქართველოში არამარტო თბილისი, არამედ უნდათ ჩასვლა მესტიაში, ამბროლაურში და ა.შ. ზოგადად, შიდა ფრენების მოდელი უნდა იყოს საერთო ფორმატში და არა ნაწილ-ნაწილ, მაშინ როცა მეტი ფული იხარჯება და მგზავრებსაც ვერ ვპოულობთ. მხოლოდ 5 ბიზნესმენი რომ მოვნახოთ ამერიკაში, რომელიც მზადაა გადაიხადოს თითო ბილეთში 5 000 დოლარი, დიდი შემოსავალი იქნება. ასეთ პირობებში, შეგვეძლება საქართველოს მოქალაქეებს ბილეთი ძალიან დაბალ ფასად, 50 ლარად შევთავაზოთ, რადგან უცხოური და ქართული ბაზარი ინტეგრირდება“, - განმარტა მან.
შეგახსენებთ, შიდა ფრენებზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარია.
იხილეთ ასევე: ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება - რა ეღირება მგზავრობა
შიდა ფრენებზე აეროპორტების გაერთიანებამ 23.2-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა