„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-საქართველოს ერთობა „შუა დერეფნის" განვითარებისთვის”

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს და მილი მეჯლისის აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„აზერბაიჯანი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ როგორც სავაჭრო დონეზე, ასევე სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტთან მიმართებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ერთობა „შუა დერეფნის" განვითარებისთვის და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საკომიტეტო დონეზე ამ საკითხებზე მსჯელობა. ეს არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას. შეხვედრებზე განვიხილეთ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დელეგაციის წევრები ხვალ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდებიან.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკეს.