ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.
ამასთან, მისი თქმით, ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს.
„აღნიშნული კანონი პარლამენტში იყო წარდგენილი და საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა. ევროკომისარმა ვარჰეიმ და მე, გასულ კვირას განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი პარლამენტში თავიდან წარადგინეს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.