ნამდვილად არავისგან არ მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, იოსებ (სოსო) ბერიკაშვილმა ორბელიანების სასახლეში გასაუბრებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაციული ზიანის გამოსწორება შესაძლებელია საბჭოს კომპეტენტური წევრების გაზრდით.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, თუ მსოფლიოს ბანკისთვის საქართველო ყოველთვის სამაგალითო იყო. ყველა რეკომენდაციას, მითითებას, თუ რჩევას ასრულებდნენ ზედმიწევნით და უკეთესადაც, ვიდრე მოლოდინები იყო, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა შარშან, განსაკუთრებით, თებერვლის შემდეგ. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შესუსტებულია და ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს განცხადება ჰქონდა. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მისი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება არის მათ შორის, ის, რომ თვითონ ეროვნული ბანკის საბჭო შეივსოს კომპეტენტური ადამიანებით, რადგან დღეს იქ არის მხოლოდ 5 წევრი, ფორმალურად საბჭო კი არის უფლებამოსილი, მაგრამ რადგან ამ 5 წევრიდან 3 არის აღმასრულებელი და 2 არის არააღმასრულებელი, ფორმალურადაც კი მისი უფლებამოსილების ლეგიტიმაციის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა ფონზეც მოხდა ამ საბჭოს წევრობის შემცირება. ყველამ ვიცით, წინ ამას რა პროცესები უძღოდა და ამას საჯაროდაც ადასტურებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სავარაუდოდ, არასაჯაროდაც შესაბამისი კომუნიკაცია იქნებოდა.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოსავალი არის საბჭოს კომპეტენტური ადამიანებით შევსება. მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი ცდილობს, რომ რაღაცა კომუნიკაცია ჰქონდეს და „პიარულად“ რაღაცები კეთდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი. [საჭიროა] ფუნდამენტურად რაღაცა შეცვალოს, იმიტომ, რომ რეპუტაციული ზიანი ეროვნულ ბანკს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიადგა. ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის და ამ ზიანის გამოსწორება არის საბჭოს წევრების გაზრდა კომპეტენტური წევრებით და მისი ფუნქციურობის გაზრდა“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.