„რეგისტრაცია დღეს დაიწყება“ - თბილისის მერია ახალგაზრდების პროექტებს დააფინანსებს

თბილისის მერია ახალგაზრდების პროექტების დაფინანსებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპროექტო განაცხადების შევსება დღეიდან 24 აპრილიდან 15 მაისამდე გაგრძელდება.

„ეს პროგრამა არის ახალგაზრდებისთვის. 2022 წლიდან დავიწყეთ მისი ამოქმედება და მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი ახალგაზრდული პროექტი თუ ინიციატივა იქნა დაფინანსებული მუნიციპალიტეტის მხრიდან. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ, არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას. პროგრამას აქვს ერთის მხრივ სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი. ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, რომ მაქსიმალურად ჰქონდეთ ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა, რომ განვითარდეს. რომ, თქვენი იდეები განავითაროთ და ამ ყველაფერში მიიღოთ შემოსავალი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ისე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ისეთი სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები ასევე ახალგაზრდები იქნებიან. პროგრამის მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტებიც, მათ შორის, მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო ცენტრების გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით. ვიწყებთ რეგისტრაციას აღნიშნულ პროგრამაზე, განახლებული პირობებით.

განახლებული პირობების თანახმად, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მიიღოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა იმისთვის, რომ შევძლოთ თქვენს მიერ ინიციირებული საინტერესო პროგრამების განხორციელება. იმიტომ, რომ ამ გაკეთებული საქმეებიდან ისევ თქვენ მიიღოთ ბერნეფიტი. რეგისტრაცია დღეს, 24 აპრილს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნინი ქეთელაური