საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წლიდან 2023 წლამდე საქართველოში შობადობა 30%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 59 249 იყო, 2023 წელს 40 214 შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, შობადობა ყოველწლიურად მცირდება.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შობადობის კლებაა. მარტივად რომ ვთქვათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელთან მიმართებით, ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა არასაკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის რიცხვი არა თუ გაიზარდოს, არამედ არ შემცირდეს მაინც.
რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს. მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.
„ზოგადად, დემოგრაფიულ პროცესებზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, შობადობა, სიკვდილიანობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ შობადობა მცირდება. 2015 წელს შობადობა იყო თითქმის, 60 000, 2021 წელს უკვე - 45 000, 2022 წელს - 42 000, ამჟამად ეს ჩამოვიდა - 40 000-ზე. თავის მხრივ, შობადობაზეც მრავალი ფაქტორი მოქმედებს, ეკონომიკური და სოციალური, მაგრამ ახლა კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა, დედაქალაქშიც და ყველგან უამრავი ძაღლია. ვიცი, გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშია შობადობასთანო, მაგრამ თბილისში ამჟამად 270 000 ძაღლია და ყოველწლიურად იზრდება მათი რაოდენობა. ეს უარყოფითად იმიტომ მოქმედებს შობადობაზე, რომ ოჯახის წევრად ჰყავთ გახდილი, გაიგივებულია შვილთან. ბევრს ერთი კი არა, ორი-სამი ძაღლი ჰყავს ოჯახში და იმდენივე დრო და ფინანსები სჭირდება ძაღლს, რამდენიც ჩვილ ბავშვს. ერთი ან მაქსიმუმ 2 ბავშვი რომ ჰყავს, მესამეს აღარ აჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მხოლოდ პირველი ბავშვის დაბადების რაოდენობა, თუმცა ორიც რომ იყოლიონ, ეს მაინც მოსახლეობის კლებაა. სტატისტიკურად ითვლება, რომ 2 ბავშვი ანაზღაურებს მშობლებს, მაგრამ თუ მაგალითად, 40 000 ბავშვი დაიბადა, აქედან ყოველწლიურად 500 -ზე მეტი ბავშვი კვდება, 15 წლამდე ასაკში ორჯერ მეტი, ამას ემატება ის, რომ ყველა არ ქორწინდება, ან ბავშვი არ ჰყავს, ამიტომ ამ ყველა ფაქტორს თუ მივიღებთ მხედველობაში, 2 ბავშვი მოსახლეობის კლებაა. უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი. ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ შობადობის შემცირების, ამას ემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მოსახლეობა რაოდენობრივად იკლებს“,- ამბობს ანზორ თოთაძე.