რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9 კმ-იანი გვირაბი. მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, ხალხს უმალავენ, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება. შეიძლება ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის დროს განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაოები გრძელდება, რიკოთის პროექტი ნამდვილად ისტორიული პროექტია.
„ამ სამუშაოების წარმოება სათანადო ვადებში სათანადო ხარისხით გრძელდება და საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი მაგისტრალის ბოლომდე გახსნა. ეს ყველაფერი სათანადო დროში გაკეთდება. ასეთი პროექტები, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მთავარი, რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის ქვეყნის სოციალური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებს სერიოზული ყურადღება მიექცეს. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაიჭრა და მე მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. უმალავენ, როგორც ჩანს, ხალხს, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება. შეიძლება ამ ტელევიზიების მაყურებლებმა იარონ, ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა. სერიოზულად, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას.მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.