შესაძლებელია, ევროკავშირმა გამოიყენოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი, მაგრამ ამას იყენებს როგორც უკანასკნელ საშუალებას, მაშინ როცა ქვეყანას უკუსვლა აქვს ადამიანის უფლებების კუთხით - ასე აფასებს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელ ვანო ჩხიკვაძე ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტი 25 აპრილს მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებობს ტექნიკური და პოლიტიკური მდგენელი. მაგალითად, ტექნიკური ნაწილის გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს „აგენტების კანონს“, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში უფლებრივი კუთხით მდგომარეობა გაუარესდება, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კი გაიზრდება. ეს შესაძლოა, გახდეს საფუძველი ევროკავშირისთვის, გადახედოს უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულებას.
„ტექნიკურ ნაწილში არის 5 მთავარი საფუძველი, რა შემთხვევაშიც შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ. ამ ხუთიდან ერთ-ერთი არის თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. დღეს ძალიან მაღალი არის საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირში, განსაკუთრებით ბელგიაში, შვედეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. იმ შემთხვევაში, თუ უკუსვლა იქნება დემოკრატიის თვალსაზრისით და მიღებული იქნება რუსული კანონი, გაუარესდა ლგბტქ+ მიმართულებით უფლებრივი მდგომარეობა, საქართველოდან შესაძლოა, ბევრმა მოქალაქემ მოითხოვოს თავშესაფარი ევროკავშირში. ეს ტექნიკური ნაწილი შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ ევროკავშირმა იფიქროს ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე“, - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უბრალო უმრავლესობაც საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი გაუუქმოს. უბრალო უმრავლესობა გულისხმობს 14 წევრ ქვეყანას. ჩხიკვაძის თქმით, ევროკავშირი შეჩერების მექანიზმს იყენებს „უკანასკნელ შემთხვევაში“, როცა საქმე ეხება დემოკრატიის ხარისხისა და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებულ მდგომარეობას.
„პოლიტიკური მდგენელი ნიშნავს იმას, რომ წევრმა ქვეყნებმა უბრალო უმრავლესობით, 14 ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას. მისი არსებობის განმავლობაში არსებობს შეჩერების მაგალითი. არ უნდა გარისკოს საქართველომ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ თავი ქუდში გვაქვს. შესაძლებელია, ევროკავშირმა გამოიყენოს შეჩერების მექანიზმი, მაგრამ ამას იყენებს როგორც უკანასკნელ საშუალებას, მაშინ როცა ქვეყანას უკუსვლა აქვს ადამიანის უფლებების კუთხით“, - განმარტა ვანო ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება.
კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ კანონპროექტის შესახებ.