სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ახალგაზრდები კვირის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებში იმაზე მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე სწავლაში.
როგორც დროის გამოყენების გამოკვლევიდან ვიგებთ, მასმედიის გამოყენების ხანგრძლივობა საშუალოდ კვირაში 16 საათია და ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით ახალგაზრდა სწავლობს, არ სწავლობს თუ დასაქმებულია. საკმაოდ ლოგიკურია, რომ შედარებით მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ ისეთ ახალგაზრდებშია, რომლებიც დაუსაქმებელნი არიან. როგორც წესი, ისინი საკუთარი დროის 17,7 საათს აღნიშნულ აქტივობას უთმობენ. მაჩვენებლები საკმაოდ ახლოსაა ფორმალურ განათლებაზე დათმობილ დროსთან. როგორც კვლევის შედეგად ხდება ცნობილი, ახალგაზრდები ფორმალურ განათლებასა და მასთან დაკავშირებული აქტივობებისთვის კვირაში საშუალოდ 20 საათს გამოყოფენ.
დაახლოებით 1,5 საათს ახალგაზრდები საკუთარი საბოლოო მოხმარების პროდუქციის საწარმოებლად ხარჯავენ. ხანგრძლივობა განათლების სტატუსის მიხედვით განსხვავდება. სწავლის პროცესში ჩართულები 1,1 საათს ატარებენ „შრომაში“, როდესაც სასწავლო დაწესებულებების მიღმა მყოფ ახალგაზრდებს ამ საქმისთვის 3 საათი აქვთ განსაზღვრული. ამ კუთხით, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა ლიდერობს. შესაბამისად, აღნიშნულ აქტივობებზე დახარჯული დრო განსაკუთრებით მაღალია სოფლის მოსახლეობაში - დაახლოებით 6 საათამდე.
როგორც გაირკვა, შინამეურნეობის და ოჯახის წევრებისთვის გაწეული აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურებებიდან ყველაზე დიდ დროს ახალგაზრდები საჭმლის მომზადებაში ხარჯავენ(1,5 – 3,9 საათი). შემდეგ მოდის საკუთარი საცხოვრებელის და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება კვირაში1,5-2,9 საათით.
ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სტაჟირება, მოხალისეობრივი და სხვა სახის აუნაზღაურებელი შრომა. ზემოთ ხენებულებზე დახარჯული დრო კვირაში 1 საათზე ნაკლებია საშუალოდ, რაც თითქმის იმდენივეა რამდენიც საყიდლებზე სიარულისთვის განკუთვნილი, ან მგზავრობაში გატარებული დრო.
ყველაზე დიდი წილი, საკუთარ თავზე ზრუნვასა და ძილზე მოდის. როგორც ირკვევა, კვირის განმავლობაში, ახალგაზრდები 84-85 საათს ამ უკანასკნელში ატარებენ. ეს მაჩვენებელი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობაში თითქმის იდენტურია. თუ ძილს გამოვრიცხავთ, გამოდის, რომ 15-24 წლის ახალგაზრდები საკვებისა და სასმელის მიღებაში, კვირის მანძილზე, 9 საათს ხარჯავენ, ხოლო 7 საათზე მეტს ჰიგიენასა და თავის მოვლაში.
მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა