ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკის სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს.
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო შელია“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.