ლარში გაცემული სესხები გაიაფდა. საპროცენტო განაკვეთები შემცირდა როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში. კერძოდ, 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა წლიურად 0.67 პუნქტით დაიკლო, თვის ჭრილში კი 0.58 პუნქტით.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ფიქსირდება. გასული წლის მარტში საპროცენტო განაკვეთი 16,71 იყო, დღეის მონაცემებით კი 1,44 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და 15,13%-ს შეადგენს. მარტში განსაკუთრებული ცვლილება იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე ფიქსირდება - ერთწლიან ინტერვალში სესხები 14.07%-დან 11.91%-მდე შემცირდა, ერთთვიან პერიოდში კი 12.27%-დან 11,91%-მდე.
მართალია არა ამდენად, მაგრამ სესხი გაუიაფდათ ფიზიკურ პირებსაც. ლარში აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთები წლიურად 1,01% შემცირდა, თვის განმავლობაში კი 0,17%-ით. კერძოდ, 2023 წლის მარტში ლარში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18.48%-ს, წელს მარტში - 17.47%-ს, 2024 წლის თებერვალში კი 17.64%-ს.
რაც შეეხება სესხებს უცხოურ ვალუტაში, წლის განმავლობაში კლების ნაცვლად, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდა დაფიქსირდა. თუ 2023 წლის მარტში განაკვეთი 8,43%-ს შეადგენდა, დღეს უკვე საპროცენტო განაკვეთის სიდიდე 8,65 ნიშნულს შეადგენს. ზრდა ასევე ფიქსირდება თებერვალთან შედარებით, როდესაც საშუალო განაკვეთი 8,57%-ს შეადგენდა.
მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა