აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
მოქალაქეთა ნაწილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ პასკა მარკეტების ნაწილში საკმაოდ ძვირი ღირს. როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ გიყვებოდათ, ყველაზე ძვირად ღირებული 1 კგ პასკის ფასი 219.90 ლარია. დავინტერესდით, როგორი ფასებია ბაზარში და რა უჯდებათ მოქალაქეებს სააღდგომო დღესასწაულისთვის მზადება.
ბაზარში ყველაზე ძვირად ღირებული პასკა შოკოლადის მინანქრით, რომელიც 850 გრამს იწონის, 12 ლარი ღირს. სხვადასხვა წონის პასკის ფასები ასე გამოიყურება:
რაც შეეხება კვერცხს, როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ გიყვებოდათ, წელს ადგილობრივი წარმოების კვერცხზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ჩვენთან საუბარში მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია აღნიშნავდა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონი საკმარისი რაოდენობის კვერცხით მომარაგდა.
კვერცხის ფასი ბაზრებში, ზომის მიხედვით განსხვავებულია. მცირე ზომის სასურსათო კვერცხი 35 თეთრი ღირს, ხოლო შედარებით დიდი - 50 თეთრი. სააღდგომოდ პოპულარულია ხელოვნური კვერცხიც, ბაზარში ხის წითელი კვერცხის ფასი 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეების ნაწილი სააღდგომოდ კვერცხს ჯეჯილთან ერთად ათავსებს, ნაწილი კი წითელი კვერცხისთვის სპეციალურად დამზადებულ ჭურჭელსა და აქსესუარებს იყენებს. ჯეჯილი ბაზრებში 3-13 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო კვერცხის ხის სათავსოები და აქსესუარები 15-35 ლარის ფარგლებშია.
სააღდგომოდ დიდი მოთხოვნაა კვერცხის შესაღებ საშუალებებზეც. მოქალაქეების ნაწილისთვის პრიორიტეტულია ბუნებრივი საღებავები, ნაწილი კი არჩევანს დანამატებიან საღებავებზე აჩერებს. ბუნებრივი საღებავი 250-გრამიანი ჭიქით - 2-3 ლარის, დაუფქვავი ენდროს ფასი - 1.5-2 ლარის, ხოლო ხელოვნური საღებავის ფასი 5 გრამიანი პაკეტებით 1.5-5 ლარის ფარგლებში მერყეობს.