ქართული წარმოების ალუჩისა და ახალი კარტოფილის ფასი ბაზრებში/მარკეტებში - როგორია იმპორტის მაჩვენებელი

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ახალ ქართულ კარტოფილს, სხვადასხვა ქსელურ მარკეტში 1კგ-ის ფასი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრებში ერთი კილოგრამი ახალი კარტოფილის ფასი 5 ლარიდან იწყება.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში იმპორტირებულია 203 ათასი დოლარის 773 ტონა კარტოფილი, ხოლო ექსპორტირებულია 55.5 ათასი დოლარის 146 ტონა ქართული წარმოების კარტოფილი.

მონაცემების მიხედვით, 1 კგ კარტოფილის (ჯამურად ყველა სახის) საიმპორტო ფასი მარტში 0.26 დოლარს შეადგენდა (კურსით 70 თეთრი), ხოლო ქართული წარმოების საექსპორტო ფასი 0.38 დოლარს (კურსით 1 ლარი).

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ალუჩის იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა ცალკე არ მუშავდება, შესაბამისად, დაზუსტებით არ გვაქვს ინფორმაცია რა რაოდენობის ალუჩა შემოვიდა და გავიდა ქვეყნიდან და რა ფასად.

მერი ტაბატაძე