„კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელემაუწყებლებს მოგცეთ გარდამავალი პერიოდი - 8 თვე, რათა თქვენი სამუშაო, მიდგომები და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები მოიყვანოთ კანონთან შესაბამისობაში და ახალი წლიდან, გადაცემებში პროდუქტის განთავსება წესების დაცვით განახორციელოთ,“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ ComCom-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement” გააკეთა, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების თვალსაზრისით, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, მხარეების ურთიერთთანამშრომლობას და პროდუქტის განთავსების კანონდარღვევების აღმოფხვრის გზებზე შეჯერებას ემსახურებოდა.
ღონისძიება ივანე მახარაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, სადაც ხაზი გაუსვა ქართულ სატელევიზიო გადაცემებში პროდუქტის განთავსების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობას.
„მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის განთავსების წესები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულია და გაიდლაინებიც არსებობს, ამ დრომდე ეს საკითხი რჩება პრობლემად, რომლის მოგვარებაც მაყურებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველას მოგეხსენებათ, რომ პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა ლახავს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან არაიდენტიფიცირებადმა რეკლამამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი და მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე გავლენა, განსაკუთრებით კი ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, “ - განაცხადა კომისიის წევრმა.
მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, დღევანდელ სამაუწყებლო სივრცეში ძალიან ხშირად, წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმისას, შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. რაც, არღვევს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან შეუძლებელია მაყურებელმა გამიჯნოს გადაცემის შინაარსი, წამყვანის მოსაზრება და რეკლამა ერთმანეთისგან.
„გადაცემები ძალიან ხშირად მორგებული და აწყობილია რეკლამის დამკვეთზე და არა მაყურებლის ინტერესებზე, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. კომუნიკაციების კომისიის მიზანია ერთი მხრივ, დაიცვას მაყურებელი ფარული და შეცდომაში შემყვანი კომერციული კომუნიკაციისგან, მეორე მხრივ კი, დაიცვას მაუწყებელი კომერციული გავლენებისგან,“ - აღნიშნა მან.
კონფერენციის ფარგლებში, ივანე მახარაძემ კომისიის მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე აუდიტორიას, ComCom-ის გადაწყვეტილებაც გაუზიარა.
„ერთი მხრივ, კომისიას შეეძლო ამ მიმართულებით ყოფილიყო უფრო მკაცრი, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, ჩატარებულ მონიტორინგზე მუდმივად დაეწყო წარმოება და მიეღო გადაწყვეტილებები, რაც მაუწყებლების ძალიან ხშირ დაჯარიმებას გამოიწვევდა, რადგან თითქმის ყოველდღე გვხვდება სხვადასხვა არხზე პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა. მეორე გზა კი, რომელიც ავირჩიეთ პირველ რიგში იყო საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, თუ რა ხდება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, როგორია იქ არსებული კანონი და მიდგომები. გვსურდა კვლევის შემდეგ სწორედ ამ ფორმატში გაგვეზიარებინა შედეგები და კომისიის სამომავლო ხედვები, რომ მაუწყებლებისთვის განჭვრეტადი ყოფილიყო კომისიის მიდგომა და ხედვა.
იქიდან გამომდინარე, რომ გვესმის მრავალწლიანი პრაქტიკის ერთ დღეში შეცვლა რთული ამოცანაა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 8 თვის განმავლობაში გააგრძელებს მედიამონიტორინგს, გამოავლენს დარღვევებს, მაგრამ არ გამოიყენებს სანქციებს. ეს მიდგომა ჩამოაყალიბებს ახალ პრაქტიკას და ყველა მაუწყებელს ექნება დრო შეცვალოს მიდგომა და მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში. გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ კი, კომისია გამოვლენილ დარღვევებზე მოახდენს რეაგირებას, გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და დამრღვევ მაუწყებელს დააკისრებს შესაბამის სანქციას,“ - განაცხადა ივანე მახარაძემ.
კომისიის წევრმა ComCom-ის კიდევ ერთ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით, კომისია მზადაა ინდივიდუალურად ყველა არხზე, ვისაც ამის სურვილი ექნება, მივიდეს, შეხვდეს როგორც მარკეტინგის, სამართლებრივი სამსახურის წარმომადგენლებს - ისე პროდიუსერებს და წამყვანებს, რომლებიც გეგმავენ და აღასრულებენ გადაცემებს და სამუშაო რეჟიმში, უპასუხოს მათ ყველა შეკითხვას, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები, თუ როგორ გააკეთონ გადაცემაში პროდუქტის განთავსება ისე, რომ არ დაარღვიონ კანონი და არ დააზიანონ მაყურებლის უფლებები.
კონფერენციის ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც ComCom-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გვაქვს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების კუთხით ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოებული კანონმდებლობა, ასევე, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ComCom-თან. გვაქვს არაერთი პლატფორმა, სადაც ამ მიმართულებით ვაზიარებთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას, ვსაუბრობთ გამოწვევებზე და ერთობლივ შესაძლებლობებზე.“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული გამოწვევების, კერძოდ კი პროდუქტის განთავსების დარღვევების პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას.