„ეს არის ჩვენი სენი - როდესაც ქალაქი იღებდა გენ-გეგმას, გვეგონა, რომ ასეთი პროცესები აღარ განვითარდებოდა“

„ეს არის ჩვენი სენი, რომელიც დაგვემართა... როდესაც ქალაქი იღებდა გენ გეგმას, ჩვენ გვეგონა, რომ ასეთი პროცესები აღარ განვითარდებოდა“,- ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ დასახლებულ ადგილებთან მდებარე საწარმოებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქ სადაც დასახლებული პუნქტებია არ შეიძლება იყოს სამრეწველო ზონა და მსგავსი ობიექტებისთვის ცალკე გამოყოფილი ზონა უნდა არსებობდეს. როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით პრობლემურია ცემენტის ქარხანა, რომლის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს, დროთა განმავლობაში სასუნთქი სისტემების და სხვა ტიპის დაავადებები შესაძლოა გამოუვლინდეთ.

„ეს არის ჩვენი სენი, რომელიც დაგვემართა, ძალიან ბევრ შემთხვევაში. როდესაც ქალაქი იღებდა გენ გეგმას, ჩვენ გვეგონა, რომ ასეთი პროცესები აღარ განვითარდებოდა ქალაქში და ჩვენ ისევ ვხდებით ამას. სივრცით განვითარების გეგმები და გეგმა მოითხოვს გარკვეულ ზონირებას და ეს არის შემზღუდველი ფაქტორი. იქ სადაც არის დასახლებული პუნქტები და კორპუსები არ შეიძლება იყოს სამრეწველო ზონა. სამრეწველო ზონისთვის თავისი ტერიტორია უნდა იყოს გამოყოფილი ქალაქის მხრიდან. არა ის, რომ - მე მინდა ავაშენო და ამიტომ უნდა ვაშენო, არამედ, მას უნდა ჰქონდეს თავის კონკრეტული ტერიტორია, სადაც შეიძლება, რომ ქალაქში ააშენოს რამე მსგავსი ობიექტი. ზოგადად, ცემენტის ქარხანა არის პრობლემატური თითქმის ყველა ქვეყანაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში არის სივრცით განვითარების გეგმები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განლაგებული არიან სამრეწველო ობიექტებთან და აქვთ გარკვეული ფილტრები, უკეთესი ვიდრე ჩვენთან და უფრო ძვირადღირებული (აქ ეფექტურობაზეა საუბარი და არა სიძვირეზე), მაინც ითვლება, რომ ცემენტის ქარხნები საკმაოდ პრობლემურია, განსაკუთრებით მოსახლეობისთვის. მჭიდროდ დასახლებულ ობიექტზე თუ შენდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება სასუნთქი სისტემების დაავადებები, ალერგიული ფონი და ა.შ",- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ნინი ქეთელაური