ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს“.
მისი მტკიცებით, 2012 წელს არსებული მიდგომები, რომლებიც განსხვავებული აზრის მიმართ არსებობდა, დასრულდა.
„ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ. ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება და ეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. დღეს გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის ფარგლებში/ არავის მივცემთ უფლებას, რომ ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს გააჩნიათ სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ, სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც ყველა მათ დავალებას შეასრულებს, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება და ა.შ. ყველაფერს ვაკეთებთ რომ არავის მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. თუ მოსახლეობას აქვს ხელისუფლების შეცვლის სურვილი, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა გადატრიალებით“, - ამბობს კალაძე.