თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის ღამის 11 საათიდან 5 მაისის დილის 4 საათამდე იმუშავებს და გადაადგილება უფასო იქნება.
„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურებიან.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან”, - განაცხადა კალაძემ.