როგორ იზრდება ევროკავშირის კანდიდატი საქართველოს, მოლდოვას და ომში მყოფი უკრაინის ეკონომიკები

საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა. თუმცა ყოფილ პრემიერს დაავიწყდა ეთქვა ხალხისთვის, თუ რატომ ხდება ასე. არ უხსენებია, რომ უკრაინა ამ დროისთვის საომარ კონფლიქტშია ჩართული რუსეთთან და მიუხედავად ამისა, მისი ეკონომიკა მაინც იზრდება და საკმაოდ საინტერესო მაჩვენებლებს დებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ეკონომიკის მაჩვენებლები.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატისტიკის სამსახურების მონაცემებს თანახმად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა მართლაც მოწინავე პოზიციას იკავებს.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წელთან შედარებით 8.2% იყო, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.8 პროცენტი შეადგინა.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ამ წლის მარტში ეკონომიკური ზრდა 4,6% პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება, როგორც თებერვლის (3,5%), ისე იანვრის (3,5%) მონაცემებს. შეფასებაში ნათქვამია ისიც, რომ გასულ თვეში თითქმის ყველა ეკონომიკურმა აქტივობამ დადებითი წვლილი შეიტანა მთლიან მშპ-ში. ბოლო თვეებში დაფიქსირებულ ზრდის ტენდენცია მეტწილად უკრაინის საზღვაო დერეფნის სტაბილური ფუნქციონირების შედეგია.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკრაინის ანალოგიურ მაჩვენებელს ნამდვილად აჭარბებდა, როგორც 2024 წლის პირველ კვარტალში, ისე 2023-ში. უკრაინის ეკონომიკა გასულ წელს 5,3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკამ 2023 წელს საშუალოდ 7,5%-იანი ზრდა განიცადა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ოფიციალური მონაცემებით, უკრაინას საქართველოზე 5-ჯერ დიდი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს (399 მილიარდი დოლარი), შესაბამისად, მშპ-ს ცვლილებაც ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე საქართველოს მცირე ეკონომიკის შემთხვევაში.

ამასთან ერთად, 2022 წელს 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში საომარი სიტუაციაა. ომის პირველ წელს, უკრაინის ეკონომიკა თითქმის მესამედით შემცირდა. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეალური GDP-ის კლება 2022 წელს 28,8% იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზრდის ის მაჩვენებლები, რომელსაც უკრაინა ბოლო პერიოდია ინარჩუნებს, მნიშვნელოვან მიღწევად შესაძლოა ჩაითვალოს.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა ასევე აჭარბებს მოლდოვის შესაბამის მაჩვენებელს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის შეფასება 2,2 პროცენტია. მოლდოვა საქართველოს გასულ წელსაც ჩამორჩებოდა, ამ პერიოდში მისი რეალური მშპ მხოლოდ 1,03%-ით გაიზარდა. 2022 წელს ზრდის ნაცვლად მოლდოვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 4,98%-ით შემცირდა, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო 2021 წელს რეკორდულად მაღალ, 13,9%-იანი ზრდის ფონზე. თუმცა ცხადია, რომ მეზობლ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უარყოფითი ზეგავლენა მოლდოვის ეკონომიკაზეც აქვს. ამასთან ერთად, GDP-ის კლების ერთ-ერთ ფაქტორად, მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში, ძლიერი გვალვა სახელდება, რომელმაც მოლდოვის სოფლის მეურნეობის სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა.

გარკვეული ფაქტორების გამო, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის უპირატესობის ხაზგასმასთან ერთად, ივანიშვილმა პირობაც დადო, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა