„თუ რამე კუთხით საფრთხე დაემუქრა ვიზალიბერალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ ქართველები შეზღუდულად იმოგზაურებენ ევროპაში, რაც გამოიწვევს რეისების და იქიდან ჩამომსვლელი ხალხის შემცირებას“, - ამის შესახებ გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით,ზოგადად ნებისმიერი დესტაბილიზაცია უარყოფითად მოქმედებს ტურიზმზე, თუმცა, კანონის მიღებით, თუ ევროპა გარკვეულ შეზღუდვებს აამოქმედებს, ეს ყველაზე მეტად აზარალებს სექტორს.
“ნებისმიერი დესტაბილიზაცია უარყოფითად ისახება სექტორზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მთავრობას ეყოფა საღი აზრი, რომ არ გადაზარდონ ეს დაპირისპირება ცხელ კონფლიქტში და გაიწვევენ კანონს, რაც დაასტაბილურებს სიტუაციას და ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც იყო მანამდე. აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ თუ რამე კუთხით საფრთხე დაემუქრა ვიზალიბერალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ ქართველები შეზღუდულად იმოგზაურებენ ევროპაში, რაც გამოიწვევს რეისების და იქიდან ჩამომსვლელი ხალხის შემცირებას. მოვლენათა მთელი ჯაჭვია, რაც საბოლოო ჯამში ტურიზმზე აუცილებლად აისახება. ევროპის მხრიდან გარკვეული შეზღუდვების შემოღება ნამდვილად იქნება დამღუპველი ჩვენთვის და ეს არ გვინდა არავის. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ უარს იტყვიან ამ კანონზე და არ მიიღებენ, რაც ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია“,- ამბობს ალექსანდრე გიორგიძე.
შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვები ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარებს კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.