შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა.
აღნიშნულის შესაღებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალის განთავსება.
„საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან დარგის სპეციალისტები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.
საპროექტო ტერიტორია განსაზღვრულია კურორტ შოვში ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ, სადაც სამომავლოდ იგეგმება ეკლესიის მშენებლობა. შესაბამისად, მემორიალი უნდა პასუხობდეს, როგორც გარემო პირობებს, ასევე კონცეპტუალურად თანხვედრაში უნდა იყოს ტაძართან და თემატურად პასუხობდეს საპროექტო იდეას.
კონკურსის ამოცანაა, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ღია შეჯიბრების პრინციპზე დაყრდნობით, მემორიალის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენა.
კონკურსით დაინტერესებულ პირებს მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, წარმოადგინეთ იდეები და ერთად შევარჩიოთ საუკეთესო წინადადება, რომლის საფუძველზეც დამზადდება მემორიალი, ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ.
რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, კურორტ შოვში მემორიალის განთავსების ადგილი, მსოფლიო ბანკის ექსპერტთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან ერთად, ადგილზე, მოინახულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.