გაყინული ქათამი და მისი პროდუქცია საქართველოში ძირითადად ბრაზილიიდან და ჩინეთიდან შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია იმპორტიორთა შორის ლიდერია, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მის მიერ განხორციელებული იმპორტი მცირდება, ჩინეთიდან კი იზრდება.
ქართველი მეფრინველეები მაგალითად, ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათამსა და მის ნაწარმს ფასის ნაწილში კონკურენციას ვერ უწევენ. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, საქართველოს ბრაზილიასთან შედარებით გაცილებით ძვირი უჯდება ქათმის გაზრდა და ხორცის წარმოება, შესაბამისად, ფასი ადგილობრივს უფრო მეტი აქვს, ვიდრე იმპორტულს.
„ჩინეთიდან გაყინული ქათამი იმდენად არ შემოდის, რამდენიც გაყინული ქათმის ნაწარმი. ყველაფერს ვყიდულობთ, არაფერზე სუბსიდირება არ არის, ადგილობრივად ძვირი გვიჯდება ქათმის წარმოება, შესაბამისად, ბრაზილიიდან შემოსულს ჩვენ ვერანაირად ვერ ვუწევთ კონკურენციას. სიმინდი, ხორბალი, სოიო მსოფლიოში ძირითადად ბრაზილიურია და ხორცის წარმოებაშიც ბრაზილია ისეა გაძლიერებული, რომ ვერანაირად ვერ ვუწევთ კონკურენციას“, - აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ქათმის ხორცის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. უჩუმბეგაშვილის თქმით, თვითდაკმაყოფილება 40%-მდე არის გაზრდილი.
„ადრე 20-25% იყო და ახლა ასულია 40%-მდე ხორცის წარმოება თვითუზრუნველყოფის. კვერცხზე კი დიდი ხანია 100%-იანი თვითუზრუნველყოფა გვაქვს და თუ უფლებას მოგვცემენ, ნებისმიერ ქვეყანას აქეთ მოვამარაგებთ“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
მეფრინველეობის ასოციაცია წლების განმავლობაში ითხოვს დღგ-სგან თავისუფლებას. კითხვაზე, არის თუ არა რაიმე სიახლე ამ მიმართულებით, უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ „აბსოლუტურად არაფერი“. მეტიც, მისი თქმით, „კაციშვილი არ არის ისეთი“, ვინც იმას მაინც ეტყვის მეფრინველეებს, რომ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
იხილეთ ასევე: ჩინეთიდან გაყინული ქათმის ნაწარმის იმპორტი იზრდება - რა უჯდება ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი