გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი კუმისის ტბაზე დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კუმისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე ჩამდინარე წყლების შემცირების გამო დადგა, რაც ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
„კუმისის ტბა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ტერიტორიაა მოზამთრე და გადამფრენი ფრინველებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ეკოსისტემას საკვებად და მიგრაციისას შესასვენებელ ადგილად იყენებენ. ამ მხრივ, კუმისის ტბა უნიკალური ადგილია. საქართველოს მელიორაციის მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში კუმისის ტბის წყლით შევსებით ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება განხორციელდა. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლებლობა იქნება დაშრობის საფრთხის წინაშე არსებული ტბების შევსება და მათი გადარჩენა, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს ჩავატარებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სამინისტროს ცნობითვე, სოფელ ახალ კუმისში, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბუნებრივი ჩამონადენი წყლის გაწმენდილ არხებში თავმოყრა და მთლიანად კუმისის ტბის მიმართულებით გაშვება. სამუშაოების ფარგლებში 2 მიმართულებით გაიჭრა და გაიწმინდა 2 კილომეტრამდე არხი, რის შედეგადაც დაჭაობებული ადგილებიდან წყალი ჯერ კოლექტორებში, ხოლო შემდეგ ტბაში ჩაედინება.
ჩატარებულმა სამუშაოებმა კუმისის ტბაში დამატებით 2.5 მლნ მ3 წყლის შედინება უზრუნველყო, რამაც წყლის საერთო მოცულობა 7 მლნ მ3-მდე გაზარდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონემ მოიმატა და ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.