Modern Diplomacy: სომხეთი და საქართველო რუსეთის სატელიტი ქვეყნებია და მას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

დრონებისთვის, ოპტიკურ მასალისა და მძიმე ტექნიკისთვის საჭირო დეტალები ყოფილ საბჭოთა და რუსეთის სატელიტ ქვეყნებში იგზავნება, როგორიც სომხეთი და საქართველოა, საიდანაც ეს საქონელი, ამ ქვეყნების ხელსაყრელი სავაჭრო კავშირების გამო, რუსეთში ხვდება. ამის შესახებ ბულგარულ ჟურნალ Modern Diplomacy-ის სტატაში წერია.

გამოცემის თანახმად, ევროპული კომპანიები ასობით მილიონი დოლარის ტექნიკისა და მოწყობილობების ექსპორტს ეწევიან, რომელიც საბოლოო დანიშნულებით, თითქმის, მთლიანად რუსეთში ხვდება.

“ეს ძირს უთხრის სანქციების ოფიციალურ რეჟიმს და პუტინის საომარ მანქანას აძლიერებს… ევროპული ვაჭრობის მონაცემებიდან ჩანს, რომ ექსპორტი ისეთ ქვეყნებში, როგორიც სომხეთი და საქართველოა, 2022 წლის თებერვლიდან გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს და მას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან,” - წერია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირს აქვს 45 კატეგორიის საქონლის სია, სახელწოდებით „მაღალი პრიორიტეტის საერთო ნივთები,“ რომლებიც ბრძოლის ველზე რუსული იარაღის ნარჩენებში არის აღმოჩენლი. სავაჭრო მონაცემები აჩვენებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების დაწესებისა და რუსეთში საქონლის პირდაპირი ნაკადის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, მგრძნობიარე, „ორმაგი დანიშნულების“ ევროპული საქონლის დიდი მოცულობა ფედერაციაში კვლავ ხვდება.”

Modern Diplomacy-ის მიხედვით, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის საქონლის ექსპორტი ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 500%-ზე მეტით გაიზარდა, რომელიც დადასტურებულად გამოიყენება უკრაინის მოქალაქეების მკვლელობაში.

კერძოდ, ბრიტანულმა კომპანიებმა ამ რეგიონში 7,5 მლნ დოლარის ღირებულების ასეთი საქონელი გაგზავნეს, რაც იმაზე მეტია, რაც კი ოდესმე გაუტანიათ ამ მიმართლების ექსპორტზე. ეს მოიცავს „თვითმფრინავების, შვეულმფრენების ან უპილოტო საფრენი საშუალებების ნაწილებს,“ რომლებიც დრონებისა და სხვა ავიაერთეულების დასამზადებლად გამოიყენება. სხვა საქონელი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ექსპორტიორების მიერ არის გაგზავნილი, მოიცავს მონაცემთა დამუშავების მანქანებს, აერონავიგაციურ მოწყობილობებსა და რადიოსანავიგაციო საშუალებებს.

ერთის მხრივ, ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების შემდეგ ბრიტანული საქონლის ნაკადი თავად რუსეთში 74%-ით შემცირდა, ხოლო მძიმე ტექნიკის, ელექტრომოწყობილობებისა და ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი, თითქმის, ნულამდე დაეცა, თუმცა მკვეთრად საპირისპიროდ დიდი ბრიტანეთის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა სომხეთში. თავის მხრივ, სომხეთის ვაჭრობის მოცულობა რუსეთთან 2022 წელს, თითქმის, გაორმაგდა და 5,3 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს ტენდენცია 2023 წელს და 2024 წლის პირველ თვეებშიც გაგრძლედა.

ანალოგიურად, სომხეთის ექსპორტი უკრაინის ომის შემდეგ 2,200%-ით გაიზარდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რაც სომხური კი არა, ძირითადად, დასავლური საქონელია ევროკავშირიდან, რომელიც საბოლოოდ რუსეთში მიემართება. გაეროს Comtrade Database-ის მონაცემებით, სომხეთიდან რუსეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში ექსპორტირებული პროდუქციის სიაში შედის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ყურსასმენები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა.

“დიდი რაოდენობით ტექნიკას სომხეთისა და საქართველოს გავლით რუსეთში სხვა ევროპული ქვეყნები, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთიც აგზავნიან,” - წერს გამოცემა.

“ევროპას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები წყალგაუმტარი იყოს და ეკონომიკური მიზეზებითა თუ არაეფექტური მონიტორინგით მათი გვერდის ავლა ვეღარ მოხდეს,” - წერს Modern Diplomacy.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ