მილანში ღამის საათებში ნაყინის გაყიდვა აღარ აიკრძალება

მილანის ხელისუფლება შუაღამის შემდეგ ქუჩებში ნაყინის გაყიდვის აკრძალვას აღარ განიხილავს. Sky News-ის ცნობით, საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და ბიზნესის მწვავე კრიტიკის შემდეგ მიიღო.

ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ შეთავაზებული აკრძალვა ქალაქის მცხოვრებლების “სიმშვიდის” დასაცავად იყო გამიზნული, თუმცა ბევრისთვის ნაყინი გვიან ღამით იტალიური კულტურის ნაწილია.

ცნობისთვის: აპრილში მილანის მთავრობამ წარადგინა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც 17 მაისიდან ქალაქში გვიან ღამით ნაყინისა და პიცის გარე მიწოდებას კრძალავდა. თუმცა ფართო უარყოფითი რეაქციის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკან დაიხია. სამაგიეროდ, აკრძალვა ნაყინისა და საკვები პროდუქტების ნაცვლად სასმელების, განსაკუთრებით კი ალკოჰოლის ღამით მიწოდებას შეეხება.

ამასთან, ქალაქის უსაფრთხოების მრჩეველ მარკო გრანელის ცნობით, მთავრობა სხვადასხვა ტექნიკურ ვარიანტს სხვა საკვებ პროდუქტებზეც ტესტავს და ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხზე “შენიშვნებს“ 10 მაისამდე ჩაინიშნავს.

მოელიან, რომ მილანში ღია სივრცის მაგიდებზე გარკვეული პროდუქტების გაყიდვები სამუშაო დღეებში ადგილობრივი დროით დღის 12:30 საათიდან, ხოლო შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ღამის 1:30 საათიდან აიკრძალება.

„მიზანი არის ბალანსის პოვნა მცხოვრებთათვის ურთიერთობასა და გართობას შორის, ასევე, სიმშვიდესა და მშვიდობას შორის,“ - განმარტავს გრანელი.

ღამის საათებში ნაყინის გაყიდვის აკრძალვას მილანის ხელისუფლება 2013 წელსაც შეეცადა. თუმცა მაშინდელი მერი, ჯულიანო პისაპია, ასევე, მკვეთრ საზოგადოებრივ რეაქციას წააწყდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ