აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსი - რეკონსტრუქციის შემდეგ დაახლოებით, ორ კვირაში გაიხსნება. აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელის როვშან რუსტამოვის თქმით, სარკინიგზო ხაზი სრული დატვირთვით 20 მაისიდან ამოქმედდება..
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში 98 კმ სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აშენდა, საიდანაც 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც 775 მლნ დოლარის ოდენობით საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი მისცა.
გასულ წლის გაზაფხულზე მოდერნიზაციის გამო აღნიშნული რკინიგზის მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა. მოდერნიზაციის შემდეგ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ხუთჯერ ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა წელიწადში 6,5 მილიონ ტონას, მგზავრთა მოცულობა კი მილიონამდე ადამიანს მიაღწევს.