პოლონეთი ევროს მისაღებად ჯერ მზად არ არის

პოლონეთის ეკონომიკა ევროზე გადასასვლელად ამჟამად მზად არ არის. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ანჯეი დომანსკიმ განაცხადა.

„ეკონომიკაზე საუბრისას არ არის საჭირო, იყოთ პესიმისტი ან ენთუზიასტი და უმჯობესია, რეალისტად დარჩეთ. მე რეალისტი ვარ და ფაქტები ერთმნიშვნელოვანია, რომ არსებულ მომენტში პოლონეთის ეკონომიკა ევროს მისაღებად მზად არ არის,” - აცხადებს დომანსკი.

აპრილში ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ პოლონეთის ეკონომიკას არაერთხელ უსარგებლია საკუთარი ვალუტით, რადგან კრიზისის დროს ეროვნული ვალუტა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მხარს უჭერს.

ცნობისთვის: ევრო ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 20-ში მოქმედებს, ხოლო ათი სახელმწიფოდან, რომლებიც, პოლონეთის ჩათვლით, ევროკავშირს 20 წლის წინ, 2004 წელს შეუერთდნენ, ევროზე მხოლოდ სამი, პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი არ გადასულა. პოლონეთის მთავრობისგან განსხვავებით, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტერ პაველმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა ევროზე უნდა გადავიდეს, რათა ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებს შეესაბამებოდეს.

„თუ ჩვენ გვინდა, ევროპის პირველ ლიგაში ვითამაშოთ, მაშინ ლოგიკურად უნდა დადგეს ევროს მიღების საკითხი. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებშიც ევროში გადახდები უკვე მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ უკმაყოფილოა მხოლოდ ის, ვისაც ეს ვალუტა არ აქვს,“ - აცხადებს პაველი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ