„გაცილებით ეფექტური იქნება მმართველობითი სისტემა ისე, როგორც არის შემოთავაზებული“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას.
სურგულაძე დადებითად აფასებს კანონპროექტის ნაწილს, სადაც საუბარია საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებაზე და მათ ნაცვლად „მმართველობითი საბჭოს“ შექმნაზე.
„მმართველი საბჭოში იქნება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი და რისკი კომიტეტი, რომელზეც სულ ვსაუბრობდი, რომ უნდა ყოფილიყო. გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მმართველობითი სისტემა ასეთ შემთხვევაში, როგორც არის შემოთავაზებული“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.
მისივე თქმით, გასული 5 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო რისკების კონტროლის არარსებობა და მისასალმებელია, რომ იქმნება რისკების კომიტეტი.
„ეს სტრუქტურა გაჩნდა, თან გაჩნდა სწორად - საუბარი მაქვს რისკების კომიტეტზე, რომელსაც პირდაპირ ითხოვს ევროდირექტივა, ასეთ ფინანსური ორგანიზაციებში რისკის კომიტეტი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს დამოუკიდებელი“, - აღნიშნა მან.
კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა, „საპენსიო ფონდმა“ გასცეს პირდაპირი კრედიტები. ექსპერტულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ „ფონდი“ „სახელმწიფო ბანკს“ დაემსგავსება. როგორც სურგულაძე აღნიშნავს, თუ ფონდი კომერციული ბანკის ფუნქციებს შეიძენს, აუცილებელია, რომ მისი რეგულირება ისევე განახორციელოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც სხვა ყველა კომერციული ბანკის შემთხვევაში.
„საუბარი იყო პირდაპირი სესხების გაცემაზე, ესეც უნდა გავარკვიო, რაშია საქმე, სააგენტო თუ ბანკს დაემსგავსა, მაშინ უნდა დარეგულირდეს ეროვნული ბანკის მიერ ისევე, როგორც კომერციული ბანკები რეგულირდება - მათ უნდა მოსთხოვონ მარეგულირებელი საზედამხედველო კაპიტალი და დარეზერვება, რადგან თუ ისინი დაიწყებენ პირდაპირ კრედიტების გაცემას, ბანკი გამოდის ჩვეულებრივ“, - აღნიშნა მან.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ფონდს“ ბანკის ფუნქციები ექნება, საინტერესოა როგორ დარეგულირდება რისკები და როგორი იქნება ბუფერული კაპიტალი.
„იქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დარეგულირდება რისკები, რა იქნება რეზერვების მოთხოვნა, როგორი იქნება მისი ბუფერული კაპიტალი. როგორ განსაზღვრავენ ამას მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ბანკს საკუთარი კაპიტალი აქვს და ფონდს არ აქვს - იქ არის მონაწილეთა შენატანები. არ ვიცი, როგორ რეგულირდება ეს, სავარაუდოდ, ამაზეც ნაფიქრი აქვთ“, - ამბობს ლევან სურგულაძე.
ამასთანავე, თუ კანონპროექტი არსებული სახით კანონის ძალას შეიძენს, საკომისიო 0.5-დან 0.75%-მდე გაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება.
„საკომისიოს ნაწილი ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ, რომ ძალიან დიდ ბიუჯეტზეა საუბარი. მე რომ ვიყავი სააგენტოში, გვქონდა 3,5 მილიონი ლარის ბიუჯეტი და გვყოფნიდა - ამხელა ბიუჯეტი რა საჭიროა, მე არ მესმის. თუმცა შეიძლება სხვა გათვლები აქვთ, თუ იმას ფიქრობენ, რომ უნდა მოიყვანონ უცხოელი აქტივის მმართველები, ამ შემთხვევაში მათ მეტი მადა აქვთ და მომსახურება ძვირი დაჯდება. მაგრამ თუ ამას ფიქრობენ, მაშინ რა საჭიროა ჩვენი საინვესტიციო სამსახური, აქ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს უკვე“, - განმარტა მან.
დაბოლოს, აპირებენ, რომ საპენსიო სააგენტოს სახელი, „საპენსიო ფონდით“ შეცვალონ. ლევან სურგულაძის თქმით, საპენსიო სააგენტო უფრო მართებული სახელია, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანოს არ აქვს მხოლოდ ფონდის ფუნქცია, მისი ფუნქციების ნაწილია საპენსიო შენატანების მიღება, ადმინისტრირება, პენსიების გაცემა, დადგენა და ა.შ.
შეგახსენებთ, მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“.
მმართველი საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტსაც თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის. გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე, რაც გამოიწვევს „საპენსიო ფონდის“ ბიუჯეტის ზრდას.
იხილეთ ასევე: „ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ - ეკონომიკის ექსპერტი საპენსიო სააგენტოს რეფორმაზე