გლობალური ვაჭრობა გასული წლის ვარდნის შემდეგ გაიზრდება

საერთაშორისო ორგანიზაციები მაღალი ინფლაციის, მზარდი განაკვეთებისა და სუსტი მოთხოვნილების შედეგად გასული წლის ვარდნის შემდეგ წელს გლობალური სავაჭრო ნაკადის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებენ. ინფორმაციას Financial Times საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის), საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF-ისა) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO-ს) პროგნოზები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, გლობალური სავაჭრო ნაკადის მკვეთრ ზრდას აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა განაპირობებს.

OECD-ის შეფასებით, საქონლითა და მომსახურებით გლობალური ვაჭრობა წელს 2.3%-ით, ხოლო მომავალ წელს 3.3%-ით გაიზრდება, მაშინ, როცა 2023 წელს ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა.

„წელს და მომავალ წელს გლობალურ ვაჭრობაში საკმაოდ პოზიტიურ მოვლენებს ვხედავთ,“ - აცხადებს OECD-ის მთავარი ეკონომისტი, კლერ ლომბარდელი.

ის განმარტავს, რომ ბევრი რამ დაკავშირებულია ვაჭრობის „ციკლურ აღდგენასთან“ ეკონომიკური აქტივობის ზოგადი ზრდის ფონზე, ხოლო ამ აღდგენის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩინეთი და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები იქნებიან.

ვაჭრობის ზრდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდაში უკვე დაეხმარა. კერძოდ, გერმანიის ექსპორტი მხოლოდ მარტში 0,9%-ით, ხოლო კვარტალში 3,2%-ით გაიზარდა. ასევე, იმპორტი მარტში 0,3%-ით, კვარტალში კი 1,7%-ით გაიზარდა.

Berenberg-ის ეკონომისტ სალომონ ფიდლერის თქმით, წელს ევროზონის საგარეო ვაჭრობის აღდგენა მოსალოდნელი იყო, თუმცა ექსპორტი პროგნოზირებულზე ადრე აღდგა.

IMF-ის პროგნოზით, გლობალური ვაჭრობა წელს 3%-ით გაიზრდება, ხოლო WTO საქონლით ვაჭრობის 2.6%-ით ზრდას პროგნოზირებს, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე 1.2%-ით დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ