ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან მოსახლეობა 58-ე დღეა ღამეს კარვებში ათევს. ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ და ითხოვენ, კომპანიამ შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც 2021 წლის შეთანხმებით აქვს აღებული.
მოსახლეობის თქმით, შუქრუთში მეწყრული პროცესებია განვითარებული. მათი თქმით, სოფელი „ჯორჯიან მანგანეზმა“ „ალყაში მოაქცია“ და ყველა მიმართულებით აწარმოა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები. მადნის ღია კარიერული მოპოვების შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და სასაფლაოები.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ადგილობრივი მცხოვრები და პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე აცხადებს, „არავინ იცის, დილით გაიღვიძებენ თუ ვერა, ან სახლის რომელი მხარე იქნება ჩამონგრეული და ვინ მოჰყვება ნანგრევებში“. ნეფარიძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადანს საფლავებისა და ეკლესიის ქვეშაც მოიპოვებს.
„სახლებმა გაიკეთა ბზარები და დაიწყო ნგრევა, ეზოებში გაჩნდა ნაპრალები, ლახტურად მოიპოვებენ მადანს, აბსოლუტურად არაფერს არ ტოვებენ. ჰაერში ხომ ვერ გაჩერდება სოფელი? სახლები ზიანდება და ადამიანებს შიშში უწევთ ცხოვრება, არავინ არ იცის, დილით გაიღვიძებენ თუ ვერა, ან სახლის რომელი მხარე იქნება ჩამონგრეული და ვინ მოჰყვება ნანგრევებში. შემიძლია ჭიათურაში არსებული სიტუაცია შევადარო ჩერნობილში არსებულ სიტუაციას. თავზე გვანგრევენ ტაძარს. სასაფლაოს და ეკლესიის ქვეშაც მოიპოვებენ მადანს. მიცვალებულების საფლავზე რომ მივალთ, ცოტა ხანში მოძებნა მოგვიწევს სად წავიდა - მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ“, - ამბობს გიორგი ნეფარიძე.
ადგილობრივი ამბობენ, რომ არც სახალხო დამცველი, არც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლები არ მისულან მათთან სასაუბროდ.
„აქ თუ რამე ხდება, ხდება მხოლოდ კომპანიის შეხედულებისამებრ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერს, პოლიციის უფროსს კომპანიის მაღალჩინოსნები როგორც დაუქნევენ ხელს, ისე მოქმედებენ. მარტო ვართ დატოვებული კომპანიის წინაშე. კომპანიისთვის არ არსებობს კანონი. ყველა ამბობს, რომ ევროკავშირში გვინდა შესვლა, ჩამოვიდნენ ჭიათურაში, ამას რამე თუ ეტყობა ევროპის. აქ არ არსებობს კანონმდებლობა, კონსტიტუცია - კატასტროფული მდგომარეობაა“, - აღნიშნავს ნეფარიძე.
შუქრუთის მოსახლეობა 2019 წლის სექტემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირებას ითხოვდა. პროტესტის შედეგად 2021 წელს კომპანიასა და შუქრუთელებს შორის შეთანხმება შედგა. საიას ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზს“ უნდა განესაზღვრა „ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ადეკვატური ოდენობა და აღსრულების პირობები“. შუქრუთელები აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტორული შეფასებები არ ასახავს რეალურ ზიანს. საიას ცნობით, 2021 წელს პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმება შეუსრულებელი რჩება.
„ბიზნესპრესნიუსმა“ კომენტარისთვის მიმართა „ჯორჯიან მანგანეზს“. კომპანიაში აცხადებენ, რომ შუქრუთის მოსახლეობასა და მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა. მათივე მტკიცებით, იმ პირების 99%-მა, ვინც „ჯორჯიან მანგანეზთან“ ხელშეკრულება გააფორმა, კომპენსაცია აიღო.
„ხელშეკრულება, რაც მაშინ დაიდო შუქრუთის მოსახლეობის ნაწილსა და კომპანიას შორის, არ დარღვეულა. მათ, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და რა თანხაზეც იყო საუბარი თითოეულ ხელშეკრულებაში (რაც კონფიდენციალურია და ორმა მხარემ იცის), მისი თითქმის 99% ყველას აღებული აქვს. როგორც ასეთი, რომ ხელშეკრულება დაირღვა, რომელიმემ არ შეასრულა შეთანხმების პირობები და „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათ თანხა არ გადაუხადა, არ არის სწორი“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ბიზნესპრესნიუსმა“ მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს, იმის გასაგებად, შეისწავლეს თუ არა შუქრუთში არსებული მდგომარეობა, შეფასდა თუ არა გარემოზე მიყენებული ზიანი და უსაფრთხოა თუ არა მოსახლეობისთვის ადგილზე ცხოვრება. „ბიზნესპრესნიუსი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე