2024 წლის პირველ კვარტალში თბილისსა და ბათუმში Airbnb-ზე ჯავშნების რაოდენობა შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggar-ის ტურიზმის მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში თბილისში Airbnb-ზე ჯავშნების რაოდენობა წლიურად 3.1%-ით 120.7 ათასამდე შემცირდა. ბათუმის შემთხვევაში ჯავშნების რაოდენობა წლიურად 30.2%-ით არის შემცირებული და 42.9 ათასს აღწევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისსა და ბათუმში Airbnb-ზე არსებულ სასტუმროებში შემცირებულია ფასიც. მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თბილისში ერთი ღამის ფასი სასტუმროში 54 დოლარს შეადგენდა, ხოლო ბათუმში - 37 დოლარს. მონაცემები აჩვენებს, რომ სასტუმროს ფასები დედაქალაქში წლიურად 6%-ით, ხოლო ბათუმში 14%-ით შემცირდა.