Galt&taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 8.6%-ით გაიზარდა და 1.2 მლნ შეადგინა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ზრდა განპირობებული იყო თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობის ზრდით.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის ავტორთა შეფასებით, პირველ კვარტალში რუსეთიდან და უკრაინიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ხოლო პოლონეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან გაიზარდა.
ამასთან, Galt&taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგება და პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა არსებობს საფრთხე აზერბაიჯანის ნაწილში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სახმელეთო საზღვარი პანდემიის პერიოდიდან დაკეტილი აქვს, რაც აფერხებს ტურისტების შემოდინებას. კვლევის თანახმად, აღნიშნულ ნაწილში გაუგებრობამ შესაძლოა, აღდგენის პროცესი 2025 წლამდე გაახანგრძლივოს.