„თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან,“ - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2024 წლის აპრილში ორგანიზაციამ თბილისის 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.
„მიღებული შედეგების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად მცირედით 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულ რაოდენობას ასახავს.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს. ამასთან, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს თითოეულს 4%-იანი წილი უჭირავს ჯამურ გაყიდვებში.
გასაყიდი ბინების ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება. 2023-24 წლებში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულიად გაყიდულია. გარდა ამისა, პროექტებში რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება, ბინების მხოლოდ 18% არის გასაყიდად ხელმისაწვდომი,“- აღნიშნულია კვლევაში.