„ეს არის მზადება „შავი დღისთვის“ - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ნებისმიერ განვითარებად ქვეყანაში საპენსიო სააგენტოს წარმატება მის დამოუკიდებლობაში მდგომარეობს. ინიცირებული კანონპროექტით კი ხელისუფლება აპირებს, რომ საპენსიო სააგენტო მთავრობას დაუქვემდებაროს.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რომ მმართველი პარტია სანქციებისთვის ემზადება. კერძოდ, როგორც გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ფული დასჭირდა, შესაძლოა, ეს ფული სწორედ მოქალაქეების მიერ დაგროვებული პენსიიდან აიღოს.
„დამოუკიდებლობა საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობას როცა დასჭირდება ფული, შეეძლოს საპენსიო ფონდებიდან ბიუჯეტში წაღება. მთავრობას უქვემდებარებენ საპენსიო სააგენტოს, ეს არის საფრთხეების შემცველი და თუ მთლიან კონტექსტს შევხედავთ, იგივე ოქროს ჩამოტანა და აეროპორტის ტრასაზე ნახევარი მილიონი ოქროს დასაწყობება, მიუთითებს იმაზე, რომ ეშინიათ და იციან, რომ მათ ნაბიჯებს მოჰყვება სანქციები. ეს გამოიწვევს ფულადი ნაკადების შემოდინების მნიშვნელოვან კლებას. დასაბუთებული ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს არის მზადება „შავი დღისთვის,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კანონში შესატანი ცვლილებები საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს.
„მთავრობას შეიძლება დასჭირდეს ფული ნებისმიერ დროს. მას ეგულება თითოეული გადამხდელის ფული დაგროვებული საპენსიო ფონდში 5 მილიარდის ოდენობით და იმარტივებს გზას, რომ ის ფული თუ დასჭირდა, წაიღოს საკუთარი მიზნებისთვის. ეს ქართული ფენომენი არ არის, ყველა ავტოკრატი ასე იქცევა,“ - განმარტა მან.
გარდა ამისა, ქადაგიძის თქმით, „არ არსებობს რუსეთის სატელიტი განვითარებული ქვეყანა, სადაც საპენსიო სააგენტო მუშაობს და პენსიას უხდის თავის მოსახლეობას“.
„ქვეყნები ან არიან წარმატებული და ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი, საპენსიო ფონდი და სასამართლო არის დამოუკიდებელი, ეს ქვეყნები ცხოვრობენ კარგად, ამ ქვეყნებში არის ევროპული პენსია, ევროპული ჯანდაცვა და ა.შ. და არის მეორე ბნელი მხარე, რუსეთის იმპერიის ნარჩენები და მასთან არსებული ქვეყნები, სადაც ეს ყველაფერი არ არსებობს და არის ვიწრო ჯგუფი ადამიანების, ვისაც ხელი მიუწვდება იმ ყველაფერზე, რაც სინამდვილეში არის ხალხის საკუთრება. თუ ამ ყველაფერს გადავუხვევთ საპენსიო სააგენტოც უკან მოგვრჩება, საბანკო სისტემაც, ანაბრებიც და ყველაფერი. ეს საფრთხე არ არის გამოგონილი,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“.
მმართველი საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტსაც თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის. გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე, რაც გამოიწვევს „საპენსიო ფონდის“ ბიუჯეტის ზრდას.
იხილეთ ასევე: მთავრობა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს აუქმებს - კიდევ რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცლილებებმა შესაძლოა, ხარჯები გაზარდოს