აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირას მიიღებს დირექტივას, რომელიც საზღვარზე არალეგალურად გადასული მიგრანტებისთვის თავშესაფრის უფრო სწრაფად უარყოფას გულისხმობს. ინფორმაციას Axios ავრცელებს.
ამჟამად თავშესაფრის მიღების პროცესს შესაძლოა, წლები დასჭირდეს, ხოლო ახალი წესით მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები ქვეყანაში არალეგალურად შესულ ადამიანებს საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში ეტყვიან უარს.
Axios-ის წყაროს ცნობით, ეს ზომა მიმართულია მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც ხელისუფლება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს. შედეგად მიგრანტების დიდი რაოდენობის დეპორტაცია არის მოსალოდნელი.
Axios-ის წყარო აცხადებს, რომ დემოკრატები არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცდილობენ, რომელშიც მონაწილეობასაც მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, მიგრაციის საკითხი კი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ სუსტ წერტილად ითვლება.
რესპუბლიკელები იმიგრაციას კრიმინალის ზრდას უკავშირებენ, ხოლო ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა და ყოფილმა პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა არაერთხელ გააკრიტიკა. The New York Times-ი წერდა, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ის „ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო“ ზომების მიღებას აპირებს. მათ შორის არის „პრობლემური“ ქვეყნებიდან მიგრანტების შესვლის აკრძალვა, შესვლაზე უარი ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხის გამო, ბანაკების მშენებლობა, სადაც დეპორტაციის მოლოდინში მყოფი პირები პატიმრობაში დარჩებიან და სხვ.
აპრილის დასაწყისში NBC News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ამომრჩევლები იმიგრაციას მიმდინარე წლის უმთავრეს საკითხად მიიჩნევენ, ხოლო ამ მიმართულებით ბაიდენის პოლიტიკას გამოკითხულთა მხოლოდ 28% იწონებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ