„რუსეთის გარდა დიდი პრობლემაა ისეთი გაურკვეველი ქვეყნებიდან წამოსული რაღაც ფინანსები, როგორიც არის ჩინეთი და აზიის ქვეყნები - ჩვენ ეს არ გვინდა“, - ამის შესახებ „დიოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამაზ დაუშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ევროპული ინვესტიცია დემოკრატიის გარანტიაა და ამასთან, შეუძლებელია იქიდან წამოსული რესურსების, ტექნოლოგიების, განათლების ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით. შესაბამისად, როგორც თამაზ დაუშვილმა აღნიშნა, თუ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა მოხდა, შესაძლოა, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისიც კი შეიქმნას.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში დიდწილად, რაც კი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, ეს ყველაფერი არის დასავლური და დიდი საინვესტიციო საფინანსო ინსტიტუტებიდან წამოსული ფული. ამას ემატება უცხოური ინვესტიციები დასავლეთიდან, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ორიენტირი ჰქონდეს ქვეყანას დასავლურ ინვესტიციებზე. თორემ, ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ქვეყნიდანაც, იგივე ჩინეთიდან და ისეთი გაურკვეველი ორიენტაციის ქვეყნებიდან, სადაც ავტორიტარიზმია და ა.შ. მათ სხვა ინტერესები აქვთ. აქვთ ინტერესები, რომ ფულის ნაწილს უკან წაიღებს და იმიტომ აბანდებენ.
მე ასე მჯერა, რომ ჩვენთვის რუსეთის გარდა დიდი პრობლემაა ისეთი გაურკვეველი ქვეყნებიდან წამოსული რაღაც ფინანსები, როგორიც არის ჩინეთი და აზიის ქვეყნები. ჩვენ ეს არ გვინდა. უნდა შევინარჩუნოთ ის გეზი, რომელსაც მივყავართ ევროკავშირისკენ, ვინაიდან იქიდან შემოსულ ინვესტიციებთან ერთად, მოდის გარანტია იმისა, რომ ჩვენთან დემოკრატია იქნება დაცული, ისინი ამ ღირებულებებს აღიარებენ. ამის გარდა, შემოდის ახალი, მოწინავე ტექნოლოგიები, განათლება, ასე რომ, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ევროპისკენ სვლა, რაღაც აირია, შეიცვალა, ღმერთმა არ ქნას, მაშინ ბუნებრივია, სტრუქტურაც შეიცვლება ჩვენი ეკონომიკის. ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემები იქნება, შეიძლება ეკონომიკური კრიზისიც იყოს, რადგან შეუძლებელია ამხელა რესურსების ჩანაცვლება სხვა მხრიდან“,- განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი 13 მაისს ჩაინიშნა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.