2024 წლის მარტში jobs.ge-ზე 7 495 ვაკანსია გამოქვეყნდა. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2024 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 7.6%-ით მეტია 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
„2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, გამოქვეყნდა 40 913 ვაკანსია, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა. 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია,“- ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება პროფესიებს, 2024 წლის მარტში ყველაზე მეტი 1 770 ვაკანსია გამოცხადდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის პოზიციებზე; მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები - 1 718 ვაკანსიით; მე-3 პოზიციაზეა ფინანსები და სტატისტიკა - 1 309 ვაკანსიით; მას მოსდევს ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის მიმართულება, რომელზეც მარტში 1 162 ვაკანსიაა გამოცხადებული; ამასთან, კვლევის თანახმად, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების მიმართულებით მარტში 308 ვაკანსია გამოცხადდა, ხოლო სხვა პოზიციებზე 2 791 ვაკანსია იყო გამოცხადებული.